ჩემი პოლიტიკური ძალის წარსულს არ ვემიჯნები, პირიქით, ამ წარსულით ვამაყობ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი მისთვის უცნობია.
„კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ზუსტად უნდა ვიცოდე იურიდიული დეტალები, რომ სრული პასუხისმგებლობით რაღაც განცხადებები გავაკეთო. რა თქმა უნდა, ამ საქმეში არის ბუნდოვანი საკითხები. არსებობს ევროსასამართლოს დასკვნა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, „ქართული ოცნების“ პირობებში გამოძიებების არ მჯერა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივლისს სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე დაკავებულ 10-ვე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 28 ივლისს დაიწყო.