ჩემი მოწოდება სალომე ზურაბიშვილისადმი არის, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს-შალვა პაპუაშვილი

10
spot_img

ჩემი მოწოდებაა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი პრეზიდენტის არჩევის პროცესის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ გადალახა ეთიკის ნორმები.

„ქალბატონმა სალომემ უკვე ყველანაირ ნორმას, კონსტიტუციის, კანონის, ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა. ასე რომ, მისი განცხადებები გასაკვირი არ არის, თუმცა მე მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდებაა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი ამ პროცესის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: „პროვოკაცია თუ პაროდიაა, რაც ხვალ პარლამენტში ხდება, ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მოკლებულია ლეგიტიმაციას“.