„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და მთარგმნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. დიდია გივი შაჰნაზარის წვლილი ქართული ლიტერატურის გამდიდრების საქმეში. მან ჩვენს საზოგადოებას დაუტოვა ქართულ ენაზე ნათარგმნი საიათნოვას ლექსები, სომხური, აფხაზური და ოსური პოეზიის ნამუშევრები. ქვეყანას დააკლდა არა მხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებთ გივი შაჰნაზარის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ჩვენს საზოგადოებას ამ დიდი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი 23 სექტემბერს გარდაიცვალა.