ჩეხეთმა 33 ადგილობრივი კომპანიისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესრულებაში გამონაკლისები დაუშვა.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Seznam Zprvy ჩეხეთის ფინანსურ-ანალიტიკურ სამმართველოზე (FAU) დაყრდნობით იტყობინება.
FAU-ში აღნიშნავენ, რომ გამონაკლისები დაშვებულია ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. შემთხვევების უმეტესობა ატომური ენერგეტიკისა (37%) და ფარმაცევტიკის (45%) სფეროებს უკავშირდება. კომპანიების დასახელებები და დამატებითი დეტალები უცნობია.
გამოცემის ცნობით, ჩეხეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია CEZ-ი, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები „ტემელინი“ და „დუკოვანი“ ეკუთვნის, რამდენჯერმე ითხოვდა გამონაკლისის დაშვებას. CEZ-ის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კომპანიას მსგავსი შინაარსის „ათამდე მოთხოვნა აქვს გაგზავნილი“.
Seznam Zprvy წერს, რომ გამონაკლისის დაშვების მიზანი იყო ის, რომ კომპანიას რუსულ ინჟინირინგის კომპანიებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა. CEZ-ში აცხადებენ, რომ მოთხოვნები ეხებოდა ატომური ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს MSA და Skoda JS. MSA ადრე შედიოდა TMK-ს შემადგენლობაში, რომლის მფლობელიც სანქცირებული ბიზნესმენი დმიტრი პუმპიანსკი იყო. Skoda JS კი წარსულში რუსული ОМЗ-ს სტრუქტურაში შედიოდა.