ჩეხეთის მრეწველობა რუსული ნავთობის იმპორტით კრემლს ამდიდრებს?! – რას წერს Politico

2
spot_img

ჩეხეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა ევროპის ქვეყნებს შორის, მაგრამ მისმა ნავთობგადამამუშავებელმა მრეწველობამ მთელი ომის განმავლობაში რუსეთს, ციმბირული ნავთობის იმპორტში, ხუთჯერ მეტი თანხა მისცა, ვიდრე უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების საფასურია. – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) სათაურით „ჩეხეთის მრეწველობა რუსული ნავთობის იმპორტით კრემლს ამდიდრებს?!“ (ავტორი – გაბრიელ გევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

გასულ კვირას ორმა ევროპულმა ორგანიზაციამ – ენერგიისა და დემოკრატიის კვლევის ცენტრებმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომლის თანახმად, უკრაინაზე რუსეთის ტავდასხმის მომენტიდან ჩეხეთმა რუსეული ნავთობის იმპორტისათვის კრემლს უკვე 7 მილიარდი ევრო გადაუხადა და ეს მაშინ, როცა უკრაინის დასახმარებლად ჩეხეთის სახელმწიფომ დახარჯა მხოლოდ 1,29 ევრო.

როგორც კვლევის ავტორები – მარტინ ვლადიმიროვი და ისააკ ლევი – აღნიშნავენ, როცა ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციებს აწესებდა, იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ციმბირულ ნავთობს მილსადენით იღებდნენ – უნგრეთისათვის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის – გამონაკლისი დაუშვა. იმ დროს იგულისხმებოდა, რომ მილებით მიწოდებული ნავთობის აკრძალვის გადადება ამ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემდა ალტერნატიული მიმწოდებლები მოეძებნათ. მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ არათუ უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებსაც რეგულარულად ადანაშაულებენ ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათიების გამოხატვაში, არამედ ჩეხეთის რესპუბლიკასაც, რომლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები პოლონურ კომპანია „ორლენ უნიპეტროლს“ (Orlen Unipetrol) ეკუთვნის.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ჩეხეთი უკრაინის ერთ-ერთი უახლოეს მოკავშირეს წარმოადგენს: პრაღა კიევს სამხედრო ტექნიკას აწვდის, ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს და ფულს აგროვებს რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტისათვის აუცილებელი საბრძოლო მასალების (ჭურვების) შესაძენად, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოებს აქვთ.

მოხსენების ავტორთა გამოთვლით, რუსული ნავთობის წილი ჩეხეთის შესყიდვებში მერყეობს – ზოგჯერ მატულობს, ზოგჯერ კი მცირდება: 2022 წელს მოსკოვისაგან ნაყიდი „შავი ოქროს“ წილი 56%-ს შეადგენდა, 2023 წელს – 60%-ს, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში 49%-მდე შემცირდა, შემდეგ კი ისევ მოიმატა.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ გარემოებას, რომ ჩეხეთს ყველა შესაძლებლობა აქვს ნავთობი სხვა წყაროებისაგან მიიღოს, მაგრამ მისი ქარხნების მფლობელი პოლონური კომპანია უპირატესობას მაინც რუსულ ნავთობს ანიჭებს.

ისმება კითხვა – რატომ? იმიტომ, რომ Orlen Unipetrol-ს გადაწყვეტილი აქვს დამატებითი მოგება მიიღოს 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით – ის ხომ რუსულ ნავთობს შეღავათიანი ფასით, იაფად ყიდულობს.

წყარო