რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ ჩეჩნური სპეცდანიშნულების რაზმთან პირველი კონტრაქტი გააფორმა და იმედს გამოთქვამს, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება „ვაგნერისთვისაც“.
მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე ყველა არასახელმწიფო სამხედრო ფორმირება, მათ შორის „ვაგნერიც“, ვალდებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმოს.
შესაბამის ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შოიგუმ ხელი 10 ივნისს მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, ეს “ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შემადგენლობაში მოხალისეთა რაზმების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისთვის“ კეთდება, მაგრამ ექსპერტთა აზრით, გადაწყვეტილება შეიცავს „ვაგნერის“ კონტროლის ქვეშ აყვანის მცდელობას.
„ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით კი, მისი კომპანია არ აპირებს არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
ასევე ექსპერტთა აზრით, „ახმატთან“ შეთანხმების დადებით, უწყებამ აჩვენა, რომ სხვა ფორმირებები სერგეი შოიგუს ბრძანებას ასრულებენ.