ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბენეფიციარებმა პროცედურა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად მარტივად არის ორგანიზებული, რათა ბენეფიციარებმა სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა შეძლონ.
„შევეცადეთ, მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო რეგისტრაციის პროცესი, იმავდროულად, ყოფილიყო შესაძლებლობა, სრულად მოგვეძიებინა ინფორმაცია თითოეული იმ ბენეფიციარის შესახებ, რომელსაც სურს სახელმწიფოს პროგრამაში გადმოსვლა. ამ ინფორმაციის თავმოყრა აუცილებელია და უშუალოდ, ბენეფიციარის ინტერესებშია, რადგან მკურნალობის სწორად, სრულფასოვნად დაგეგმვას ისახავს მიზნად. სერვისებზე ხელმისაწვდომობას გარკვეულ საფასურად თუ ახერხებდნენ, 15 აგვისტოდან, ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ეს მათთვის უფასო გახდება. შესაბამისად, დაიწყება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, მკურნალობის განხორციელება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, თითოეული მათგანი მონახავს საკუთარ თავში ძალას, მიიღონ სახელმწიფოსგან გაწვდილი ხელი, რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული, საერთოდ არ იყვნენ დამოკიდებული ნარკოტიკზე. შესაბამისად, ეს მათთვის იქნება მიღწევადი მიზანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ. გარდა ამისა, ყოველდღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე შესაძლებელია რეგისტრაცია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებში. მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.