„ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ის მიზეზები განმარტა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ჩამოსული სტუმრები წარმოადგენენ მათ საკუთარ პოზიციას და ისინი ვერ ისაუბრებენ ევროპის სახელით. თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, დელეგაციის წევრები, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უხეშად იყვნენ ჩართულები საარჩევნო კამპანიაში და მხარს უჭერდნენ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს, ამიტომ ისინი ვერ იქნებიან ნეიტრალურები.
„რა თქმა უნდა, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ. ევროპის სახელით ვის შეუძლია ილაპარაკოს, ეს ევროპის ფუნდამენტური დოკუმენტებით არის განსაზღვრული. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც აქ არიან ჩამოსულები, სამწუხაროდ, ისინი წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული პირდაპირ, საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით. პოლიტიკური საქმიანობა უცხოელებს ეკრძალებათ საქართველოში მაგრამ არად დაგიდევენ ამას. ისინი თავისუფლად გამოდიოდნენ მიტინგებზე, აკეთებდნენ განცხადებებს, მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს რა არჩევანი უნდა გაეკეთებინათ.
ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი საარჩევნო სუბიექტები, ისინი კონკრეტულ სუბიექტებს უჭერდნენ მხარს და ისინი ვერ იქნებიან ვერც ნეიტრალური პირები ამ ურთიერთობებში, ვერც დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ვერც ნეიტრალური მოთამაშეები. ამიტომ მათ აზრს არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს. იმიტომ, რომ ისინი ერთ სუბიექტს, კრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდნენ მხარს, დაუფარავად, პირდაპირ და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. რა ფასი უნდა ჰქონდეს მათთან ურთიერთობას და ასეთი დამოკიდებულების დროს მათთან შეხვედრას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.