ბზობა – უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

411
spot_img

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში.

ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა. იგი აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს.

ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი.

იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.

„…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, – ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს.  ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კვიცზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა. ამაზე წმინდა მამები, ასეთ განმარტებას აკეთებენ, რომ ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას.

ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე იერუსალიმს, რომ მისგან მთელი „გოდების“ კედელიღა დარჩებოდა და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელ დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.

ბზობა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრამდე, მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეების მნიშვნელოვანი მოვლენაა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

ამ დღეს იკი­თხე­ბა ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ტრო­პარ-კონ­და­კი.

ტრო­პა­რი:

ყო­ველ­სა აღ­დგო­მა­სა პირ­ველ ვნე­ბი­სა შე­ნი­სა­სა მო­ას­წა­ვებ­დიამის­თვის­ცა მე­გო­ბა­რი შენი ლა­ზა­რე მკუდ­რე­თით აღად­გი­ნექრის­ტე ღმერ­თორომ­ლი­სათ­ვის ჩუ­ენ­ცავი­თარ­ცა შვილ­ნი ებ­რა­ელ­თა­ნიშევ­წი­რავთ შენ­და ძლე­ვი­სა გა­ლო­ბა­სარო­მელ­მან დას­თრგუ­ნე სი­კუ­დი­ლიოსა­ნა მა­ღალ­თა შინაკურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

დაფ­ლულ­ნი შენ თანა ნათ­ლის­ღე­ბი­თაქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­­ნოუკ­ვდავ­სა ცხოვ­რე­ბა­სა ღირს ვიქ­მნე­ნით აღ­დგო­მი­თა შე­ნი­თა და სი­ხა­რუ­ლით ეს­რეთ ვღა­ღა­დებთოსა­ნა მა­ღალ­თა შინაკურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

კონ­და­კი:

ზე­ცა­თა შინა საყ­დარ­თაკი­ცუ­სა ქუ­­ყა­ნა­სა ზედა მჯდო­მა­რე­მანქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­­ნოან­გე­ლოზ­თა ქე­ბაი დღეს და ყრმა­თა გა­ლო­ბაი ზო­გად შე­­წი­რერო­მელ­ნი გა­ლობ­დესკურ­თხე­ულ ხარრო­მე­ლი მო­ხუ­ედ ცხო­რე­ბად და გა­ნახ­ლე­ბადმხსნე­ლო ადა­მი­სოვი­თარ­ცა კაცთმო­ყუ­­რე ხარ.

 

როგორ აღნიშნავენ საქართველოს კუთხეებში ბზობის დღესასწაულს?

რაჭა-ლეჩხუმში ბზობას ეკლესიაში მიდიოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მიტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს

სამეგრელოში ბზობა-ბაიაობას ბაიას ყვავილს იყენებდნენ, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: „ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით“. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ.

ქართლში მღვდელი ტყიდან მოტანილ ბზას აკურთხებდა და ხალხს დაურიგებდა. ხალხი ამ დღეს თევზს ჭამდა. მიცვალებულების მოსახსენებლად ზურგიელს ხარშავდნენ. ვისაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, დიდ ორაგულს მოხაშავდა და ეკლესიაში წაიღებდა. თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, „დაპურებული“ იყო და, ხალხის რწმენით, პურის თავთავი კარგად დაისხამდა. ქართლში წირვა-ლოცვაზე სიარულს ბზობიდან იწყებდნენ (ყოველდღე დადიოდნენ), ოთხშაბათიდან კი „დაიუქმებდნენ“. ქართლში ვნების ოთხშაბათს ბზობის ოთხშაბათსაც ეძახდნენ.

კახეთში ბზობას საქმის კეთება იცოდნენ – ყველაფერი ბარაქიანი იქნებაო. უფრო თესავდნენ: სიმინდს, ლობიოს, კიტრს – ბზასავით დაისხამსო. მოგეხსენებათ, ხარება და ბზობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვას, შესაძლოა ხარება წინ უსწრებდეს ბზობას ან პირიქით. თუ ხარება ბზობას მოსდევს, ხალხის თქმით, თევზით არ ხსნილდება, რაც საეკლესიო ტიპიკონს სრულად შეესაბამება.

გუდამაყარში ბზას ბავშვებს თმაში უკეთებდნენ, ყვავები დაიმალებიანო. ზოგი ბზას კვერცხებზე ცვლიდა.

ხევში ბზობას „ბზობა-კაზარობას“ ეძახდნენ. მოხევეები ამ დღეს უქმობდნენ, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მღვდელი მათ ბზით ასხამდა ნაკურთხ წყალს. ხევში ბზის მაგივრობას ტირიფი ასრულებდა.

ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში ხარობს ბზა. ამ სოფელში იყო პატარა კოშკი – წმინდა გიორგის სალოცავი. გადმოცემის მიხედვით, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას ბზა სჭირდებოდა და ფშავ-ხევსურეთში ის არ იყო, ქრისტიანობის განსამტკიცებლად თამარ მეფეს წმინდა გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. აქვე ქრისტიანული ეკლესიაც მდგარა. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ხატი ბზიანაში პირუტყვის შეყვანას კრძალავდა. ვისი პირუტყვიც ბზიანაში შევიდოდა, ხატი მას დაამიზეზებდა ანუ ავად გახდიდა, ან საქონელს უზარალებდა, ან სხვა რამეს შეამთხვევდა. დაზარალებულს ხატისთვის ერთი საკლავი და სანთელ-საწირის მიტანა ევალებდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებისა. ბზობის გამო დიდ-მარხვის მე-6 შაბათი თევზით ხსნილია.. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

ბზის ზოგიერთი ჯიში გადაშენების პირასაა, რის გამოც პატრიარქი ბზობის დღესასწაულისთვის მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებას სთხოვს, იგი აღნიშნავს, რომ ეკლესიაში შესაძლებელია ნაკურთხი ბზის შეძენა.