ბუნდესტაგის წარმომადგენლები აცხადებენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული, ეუთო-ს მონაცემებით კი, მათ მისიაში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი შედიოდა

0
spot_img

ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების ავტორები არიან „თავისუფალი დემოკრატების“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი ულრხი ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალურ კავშირის“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი იურგენ ჰარდტი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი ნილს შმიდი და „მწვანეების“ წარმომადგენელი დებორა დიურინგი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება არჩევნებზე სერიოზული გავლენისა და მანიპულაციების შესახებ.

„ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ, რომ ის გამორიცხავს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე და არ მიიღებს ევროკავშირისგან საბიუჯეტო მხარდაჭერას, გამოიწვია მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვგმობთ პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემული საკუთარი დაპირებების საწინააღმდეგოდ. ეს წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკისგან და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან.

2022 წლის მარტში ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენა საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო. ერთი წლის წინ, 2023 წლის დეკემბერში, ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რომელიც ქართველებს დიდი ხანია, სურდათ. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა და გაწევრიანების პროცესი წინ წაწიოს რეფორმების ვალდებულებების შესრულებით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ უფრო ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი აიღო. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება არჩევნებზე სერიოზული გავლენისა და მანიპულაციების შესახებ. მაგალითად, არ იყო დაშვებული ეუთო-ს გრძელვადიანი დაკვირვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა. განცხადების მიხედვითვე, სწორია, რომ ფედერალური მთავრობა აწარმოებს კამპანიას ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესების მოთხოვნით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე.

„პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს. არსებობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან რეპრესიების გაზრდის რისკი. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ქართველების უფლებების შელახვით, რომლებიც გაბედულად გამოდიან ქუჩაში ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ განზრახვა, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აქციის მონაწილეების დაპატიმრება. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

სწორია, რომ ფედერალური მთავრობა აწარმოებს კამპანიას ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესების მოთხოვნით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ქვეყანაში შესვლის ეროვნული აკრძალვა უკვე დაუწესდა ცხრა ძირითად პასუხისმგებელ პირს. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა ხდება და რომ მხარდაჭერის მრავალი ზომა უკვე შეჩერებულია ან აღარ დამტკიცდა.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და კეთილდღეობისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოში დემოკრატების გვერდით და გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რათა ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნდეს. ახლა საჭიროა დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება განცხადებაში იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, თითქოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არ დაუშვეს ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს მისიაში გრძელვადიანი დამკვირვებლები შედიოდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მიერ 2024 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც არის აღნიშნული.

„მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი“, – ნათქვამია პრესრელიზში.