
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 მარტს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახი მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.