“ბორელთან შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ერთიანი” – დავით უსუფაშვილი

49
spot_img

ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა, ჩამოვიდა საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული, დანარჩენებზე სერიოზული მუშაობაა საჭირო. დრო საკმარისია, ევროპა მზადაა, დაგვეხმაროს, მაგრამ საკითხები აქ არის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ამ გზავნილს კარგი გამგონე სჭირდება.

„მგონი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაწილი გაიგებს, ნაწილზე იქეთ აუხსნეს, როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რომ ის გახდეს საქართველოს ღირსი. კარგი ამბავი ისაა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც 2008 წლის ბუქარესტში ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. MAPI არ მოგვცეს, მაშინაც ნატო-ს წევრებს ჰქონდათ დასაბუთებული ეჭვები მაშინდელი ხელისუფლების დემოკრატიული პრობლემების თაობაზე, მაგრამ მაშინ MAPI-ის არმოცემამ გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, არამედ დღევანდელი უკრაინის ომიც ამის შედეგია. ამიტომ, მთავრობა, რომელიც საქართველოში ვერ არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს, ეს არ უნდა გახდეს დაბრკოლება.

ევროპისკენ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და საქართველო შევაფაროთ ევროპული უსაფრთხოების ქოლგას, ვაზიაროთ იმ კეთილდღეობას, თავისუფლებას, რაც ევროპაშია. დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები და ა.შ. ჩვენ ერთი წელი დავკარგეთ ამაზე. არ ვიცი, ამ დოკუმენტში რა წერია, მაგრამ კარგი იქნება, თუ დარჩენილ დროში ნაბიჯები გადაიდგმება.

ევროპელმა მეგობრებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ გასაკეთებელი გვაქვს საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით. პროექტი, რომელიც გუშინწინ დაანონსდა, ალბათ ამის შედეგია, რომ ევროპიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ ძალიან მკაფიო გზავნილები იყო. მათ თქვეს, რომ ყველა ეს საკითხი ვენეციის კომისიაშია გასავლელი. იყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებული საკითხის სწორად გადაწყვეტა. ჩვენმა კოლეგებმა ევროპიდან ძალიან მკაფიო გზავნილები ჩამოიტანეს, რას ელოდებიან ისინი. ხელისუფლების წარმომადგენლების ცოტა არ იყოს, ჭკუის სწავლებაზე მათ გვითხრეს, რომ ელემენტარული ცივილიზაციური წესია – თუ გნებავთ კლუბში შემოსვლა, მაშინ იმ კლუბის კრიტერიუმებს უნდა დაემოეჩილოთ. მობრძანდით და რომ შემოხვალთ ამ წესებით, შემდეგ ერთად ვისაუბროთ, თუ სხვანაირი ევროკავშირი გინდათ, რომელიც ქართულ სტანდარტებზე იქნება მოწყობილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით ევროპამ ნეგატიური მესიჯი მიიღო.

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შეხვედრაზე ასევე მკაფიოდ ითქვა, ბორელმა განაცხადა, რომ ის არ არის ქართული კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ იმპიჩმენტზე დაწყებული საუბარი ამ დროს, ასეთ ვითარებაში, საკმაოდ პრობლემური იყო და ნეგატიური მესიჯი მიიღეს ევროპაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.