საარჩევნო კოდექსი, რომელიც ბოლოს მივიღეთ, ერთ-ერთ სამაგალითოდ მიმაჩნია და ვფიქრობ, ასეთი კოდექსი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.
„ვინმეს წარმოედგინა თუნდაც ხუთი წლის უკან, რომ საარჩევნო უბნების გადათვლა შესაძლებელი ყოფილიყო? ჩვენ ისე გავიარეთ 25-28 წელი, რომ ამის საშუალება არავის ჰქონდა. უბნების გადათვლა არა მარტო აქ, არამედ აშშ-შიც კი არ მოხდა, როდესაც საარჩევნო ბიულეტენები რაღაც ურნებში აღმოჩნდა. დღეს მოქმედი კოდექსით კი, საქართველოში ეს ყველაფერი შეიძლება. ე.ი. იმდენად დახვეწილია, რომ, პრაქტიკულად, ქართველების მიერ გამოგონილი გაყალბების მექანიზმები არ მუშაობს. ერთადერთი დარჩა, როდესაც არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა გზით ახერხებენ ან „ბულინგს“, ან მოსყიდვას. ეს ხდება არჩევნებამდე, მაგრამ არჩევნების დღეს ყველაფერი წესრიგშია და ეს არის ჩვენი კოდექსი“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.