
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბოლო ორი დაძაბული კვირის განმავლობაში რუსეთის პოზიციები განმტკიცდა, უკრაინა კი მშვიდობას ვერ მიუახლოვდა“ (ავტორი – სტივ როზენბერგი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ შექმნილი პოლიტიკურ-დიპლომატიური ფონი და გაკეთებულია დასკვნა, რომ ბოლო ხანებში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მიუხედავად, დაზავება ჯერ კიდევ შორს არის და „ურმი ისევ იქ დგას“.
პუბლიკაციის დასწყისში ავტორი აღწერს კრემლში ყოფნის შთაბეჭდილებებს (იგი მონაწილეობდა ვლადიმერ პუტინის მიერ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაში) და იხსენებს ბოლოდროინდელ გაცხადებებს, კომენტარებს, მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით კი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარს…
„მოახლოვდა თუ არა მშვიდობა ოდნავ მაინც უკრაინისათვის? ისეთი სიტუაციაა დღეს, რომ მას მშვიდობას ვერ უწოდებ: საომარი მოქმედებები არ შეწყვეტილა. რუსეთი ისევ ძველებურად უარს აცხადებს დაზვებაზე და უფრო მეტიც – იგი უფრო შორს იყურება და მეტი სურს..
და მაინც, ბოლო კვირეებში რაღაც-რაღაცეებს ნათელი მოეფინა.
პირველ რიგში, გასაგები გახდა, რომ რუსეთი ახდენს პოტენციური საფრთხე-მუქარებისა და ზეწოლის წერტილების ნეიტრალიზებას. კრემლის კრიტიკოსები ამ სიტუაციას „რუსეთის მიერ დროის გაჭიანურებას“ უწოდებენ. ევროკავშირის ლიდერებმა კრემლს ულტიმატუმი წაუყენეს – თუ ორ დღეში ცეცხლს არ შეწყვეტ, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე – უმკაცრეს სანქციებს გამოგიცხადებთო. მას შემდეგ ორი დღეც გავიდა და მეტიც – არავითარი კატასტროფული სანქციები და არავითარი სანქციები არ გამოცხადებულა.
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით საუბრის შემდეგ დაწერა, რომ მოსკოვი დაკიევი დაუყონებლივ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და დაიწყებენ საუბარს არამარტო ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ ომის დასრულებაზე“. არავითარი ამის მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ძველებურად დაიწყო: რა მოლაპარაკება, რის მოლაპარაკება… ვის უნდა მოველაპარაკოთ – უკრაინის ვადაგასულ პრეზიდენტს?.
რუსული მასმედია მივიდა დასკვნამდე, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად რუსეთმა თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად განიმტკიცა.
„უეჭველია, რომ რუსეთმა ამ რთულ, დაძაბულ დიპლომატიურ პოკერში გაიმარჯვა – გაიმარჯვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით“, – დაწერა გაზეთმა „იზვესტიამ“.
„დონალდ ტრამპმა მაქსიმალურად პრორუსული პოზიცია დაიკავა: მან ფაქტიურად მხარი დაუჭირა რუსეთის ფორმულას „ჯერ მოლაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა“ და უარი განაცხადა რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებაზე“, – დაწერა გაზეთმა „კომერსანტმა“, -„დონალდ ტრამპი ჩვნი იდეოლოგიური პარტნიორია თუ ყველა საკითხში არა, ზოგიერთში მაინც. მისი ხედვები უფრო ახლოს დგას რუსულთან, ვიდრე ევროპულთან“.
ულტრაკრემლურმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ კი ევროპელ ლიდერებს ასე მიმართა: „ჩვენ ხომ გაფრთხილებდით – ნუ იქნევთ მუშტებს, ნუ იმუქრებით და ნუ აყენებთ ულტიმატუმებს დათვის წინ. ნუ მიძვრებით სხვის მოლაპარაკებებში თქვენი რჩევებითა და რეკომენდაციებით. ხომ გითხარით – დაჯექით ტამბურში და ისუნთქეთ ახალი მსოფლიო წესრიგის ჰაერით-თქო. ვერ გაიგეთ ჩვენი გაფრთხილება? ჰოდა, რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“.
მოსკოვი საკუთარ თავში დარწმუნებულია: საქმე ისე მიდის, როგორც მას სურს. უფრო მეტიც – ფრონტზე შექმნილი სიტუაციაც მის სასარგებლოდ მეტყველებს.
დონალდ ტრამპი სულ იმას გაიძახოდა – აი, ნახავთ, როგორც პრეზიდენტად ამირჩევთ, ამ საშინელ ომს 24 საათში (ერთ კვირაში, ერთ თვეში) დავამთავრებო. ერთი თვეც გავიდა და ნახევარი წელიც, „საშინელი ომი“ კი ისე გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტი იშვიათად თუ აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს.
იქნებ თეთრ სახლს ომის დამთავრება არ სურს? ეს საფუძვლიანი კითხვაა: არის იმის მკაფიო ნიშნები, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად განიხილავს და ამ დროს მისთვის უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელობა არ აქვს
მოსკოვში ამ ყველაფერს კარგად ხედავენ: „აშშ-ის პრეზიდენტი აღარ აკავშირებს ერთმანეთთან უკრაინის ომს და რუსეთთან ორმხრივი დიალოგის განვითარებას“ – ასეთი სათაური აქვს სტატიას რუსეთის სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტაში“.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს აბსოლუტურად არაფრის შიში აღარ აქვს. ჯერ-ჯერობით კიდევ არის შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები – მაგალითად, აშშ-ის სენატისაგან.
მაგრამ ასეა თუ ისე, დღემდე კრემლი ახერხებდა თავი დაეძვრინა ნებისმიერი ისეთი პრაქტიკული დასავლური ზეწოლებისაგან, რომელიც მას კომპრომისებზე წასვლას აიძულებდა უკრაინის მიმართ. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ასე გაგრძელდება მომავლშიც.
მოამზადა – სიმონ კილაძემ