ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს.
როგორც პირველ არხს ბოლნისის საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათ ძირითადად ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
ბოლნისის საავადმყოფოსთან ამ დროისთვის დაშავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.