ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არის სამების ეკლესიის მშენებლობის სანქცირება, ეს არის ასობით ეკლესია-მონასტრის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სანქცირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციების ქვეშ მას შემდეგ იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის უკრაინიზაციის გეგმაზე ხელი არ მოაწერა და ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნა.
„ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციების შემდეგ მას შემდეგ იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაციის გეგმაზე ხელი არ მოაწერა და ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. მას მერეა არაფორმალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ამ სანქციების ფორმულირებას დღემდე არ ახდენდნენ. იცოდნენ, რომ ეს საკითხი მკვეთრად ნეგატიურად აისახებოდა ჩვენ საზოგადოებაზე, რამე თუ ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არის სამების ეკლესიის მშენებლობის სანქცირება, ეს არის ასობით ეკლესია-მონასტრის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სანქცირება, ეს არის ყველა იმ გაკეთებული უდიდესი კეთილი საქმის სანქცირება, რაც საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა და რაც ყველაზე მთავარია, რას ვერ პატიობენ ბიძინას, ეს არის 2012 წელი, მაშინ როდესაც დასავლეთში დემოკრატიის შუქურად მიჩნეული სადისტური რეჟიმი, რომელიც სინამდვილეში, საკუთარი ქვეყნის ტანჯვით იყო დაკავებული, ტერიტორიების ოკუპანტისთვის ჩაბარებით და ა.შ. აი, ეს რეჟიმი სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შედეგობრივად არაფრის მოტანა არ შეუძლია.
„ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, მილევად რეჟიმში მყოფმა ბაიდენის ადმინისტრაციამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, რომელსაც რეალურად შედეგობრივად არაფრის მოტანა არ შეუძლია. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, ის ღირსებული ნაბიჯები, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი დგამდა ყოველთვის თავის ქვეყნის სასარგებლოდ და ამ მოცემულობაში მოხდა მისი სანქცირება. ითქვა, რომ ეს არისო ჯილდო და დიახ, საკუთარი ქვეყნის მსახურების, უანგარო პატრიოტიზმისთვის მიღებული ჯილდო. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ქართველებს გვყავდა, გვყავს და აუცილებლად გვეყოლება ისეთი ადამიანები, ჩვენი დროის ისეთი გმირები, რომლებიც მერკანტილური ინტერესებისთვის, უცხოეთიდან მიღებული დავალებების ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედებენ და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე განახორციელებენ. ეს არის ის რეალობა, რაც არის ამ სანქცირების შედეგი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.