ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოს ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვაზე -ირაკლი ქადაგიშვილი

31
spot_img

ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის, სანქციების შიშის გამო უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, რის გამოც მმართველი გუნდი „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ შეარბილებს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ორი წელია, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად სანქცირებულია და მას საქართველოს ინტერესებისთვის არასდროს უღალატია.

„ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ყველას შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური. ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ერთხელ არ უღალატია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.