“ბიბისი მეტისმეტად მაღალი რეპუტაციის ფირმაა, რომ მისი კვლევა უკუვაგდოთ”- გია ნოდია

267
spot_img

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას “ტვ ფორმულას” ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით?- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

“დავით კეზერაშვილის სკანდალმა დიდი დარტყმა მიაყენა არა ამათუიმ პარტიას ან მედია-კომპანიას, არამედ ზოგადად დემოკრატიის ისედაც სუსტ ინსტიტუტებს. კეზერაშვილზე გაბრაზება სრულიად ბუნებრივი და სამართლიანია, მაგრამ ამ ვითარების გამო სიხარული – არა.

ცხადია, დამნაშავე ამაში, პირველ რიგში, თავად კეზერაშვილია. ბიბისი მეტისმეტად მაღალი რეპუტაციის ფირმაა, რომ მისი კვლევა უკუვაგდოთ. უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ სასამართლოს (მით უმეტეს, რომ ბრიტანეთის სასამართლო ჩვენსაზე მეტ ნდობას იმსახურებს), მაგრამ რაც უკვე გავიგეთ, საკმარისია, რომ კეზერაშვილი – სასამართლომდე მაინც – მორალური თვალსაზრისით, პერსონა ნონ-გრატად იქცეს.

მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ მისი ასეთი სტატუსი უკანა რიცხვით გავავრცელოთ ყველაზე, ვისაც ოდესმე კეზერაშვილისგან დაფინანსება მიუღია ან რამე საქმეში მისი პარტნიორი ყოფილა. ბევრი ადამიანის თვალში, კეზერაშვილს არც მანამდე ჰქონდა მაღალი რეპუტაცია; კონკრეტულად ქოლ-ცენტრების საქმეზე მასზე მანამდეც დადიოდა ჭორები. მაგრამ სანამ კონკრეტული ფაქტები არ დაიდება, ვერავინ გამოცხადდება კრიმინალად (ივანიშვილის კონტროლირებადი სასამართლოს ბრალდებებს სერიოზულად, ბუნებრივია, ვერ მივიღებ, შემთხვევით ჭეშმარიტების მარცვლის შემცველიც რომ აღმოჩნდეს).
მთავარი ზოგადი პრინციპია: როდის უნდა თქვა დონორის ფულზე უარი, თუ ეს ფული კარგი საქმის გასაკეთებლად გინდა? მხოლოდ სრულიად შეუბღალავი რეპუტაციისა უნდა იყოს დონორი? ეს არარეალისტურია. აშკარა კრიმინალით მოპოვებული ფული უნდა აიღო? ჩემი აზრით, არა (თუმცა 1990-იანებში მრავალი ეკლესია სწორედ კრიმინალების ფულით, რასაც სამართლიანად ვაკრიტიკებდით). ზღვარი სადღაც გადის, მაგრამ კონკრეტულად სად – ეს ჯერ გარკვევით არავის უთქვამს.
ჩვენი უბედურება ისაა, რომ კარგი საქმისთვის დონორი ცოტაა, არჩევანი ძალიან შეზღუდულია. თეორიულად ვიცით, რომ დივერსიფიკაცია და ქრაუდფანდინგი ზოგადად ჯობია, მაგრამ, ყველა პრობლემას ეს ამ ეტაპზე ვერ გადაწყვეტს.

იდეალში კარგი იქნებოდა, მაგალითად, ვინმე იდეალისტი მდიდარი სპონსორი გამოჩენილიყო და ტვ „ფორმულა“ უხერხული მდგომარეობისგან ეხსნა. მაგრამ თუ არ გამოჩნდა, ვამბობთ, რომ უნდა დაიხუროს? თუ პირიქით, თანადგომა უნდა გამოვუცხადოთ სწორედ ამ ძალიან რთული მდგომარეობის გამო? საკითხი ასე დგას.”

https://www.facebook.com/ghia.nodia/posts/pfbid0fy257vpNkGzvm8G44jAfqEPS4jTZCSN6R38aF8kz3q7RqGQKqaEFwS8eni9zPdhEl