ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქში იერიშის შედეგად არიან დაშავებულები

172
spot_img

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონში სამი ადამიანი – ორი მამაკაცი და ერთი ქალი – დაშავდა.

მისივე თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გლადკოვის თქმითვე, დაზიანებულია სამი კერძო საცხოვრებელი სახლიც.

„იერიში განხორციელდა ადმინისტრაციის შენობაზეც. სოფელ ზამოსტიეში ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დაშავებულია ქალბატონი, რომელსაც ჭრილობა ხელის არეში აღენიშნება. მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ზიანის შესახებ ინფორმაცია ახლდება“, – განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის “დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა” რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია.