“ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს” – მეუფე შიო პატრიარქს

74
spot_img

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ილიაობის დღესასწაულზე მისალოცი სიტყვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის ყოველი ქადაგება სასოებითა და სიყვარულით არის გაჯერებული.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის – წმინდა ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის ხსენებას აღნიშნავს. ნება მიბოძეთ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრების სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული.

განსაკუთრებულია ქართველი ერის სიყვარული წმინდა ილია თეზბიტელისადმი, ვინაიდან მისი ხალენი, რომლითაც იგი დიდ სასწაულებს აღასრულებდა, სვეტიცხოვლის ტაძარში, მისი სახელობის ეკვდერშია დაფლული.

თქვენ არაერთგზის აღგინიშნავთ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ილია წინასწარმეტყველის მადლი გიცავდათ; დღეს ჩვენ ვფიქრობთ თქვენ მიერ განვლილ სულიერი ცხოვრების გზაზე, თქვენს ღვაწლზე და, ამასთან, თქვენი მფარველი წმინდანის, ილია თეზბიტელის ცხოვრება გვახსენდება. საოცარია ღვთისაგან განდგომილ ხალხში ჭეშმარიტი სარწმუნოების დასანერგად მისი თავგანწირული და უშიშარი მსახურება. ასევე ძალზე რთული იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ ეკლესიის დევნის შედეგად ღვთისგან დაშორებული ერის რწმენისაკენ შემობრუნება, რაც თქვენ უფლის შეწევნითა და თქვენი მფარველი წმინდანის მეოხებით შეძელით.

მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ მუდამ ვგრძნობთ, თუ რა მძიმეა პატრიარქობის ჯვარი, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ათეიზმის ზეობისა და ეკლესიების ნგრევის ხანაში გარგუნათ და რომელსაც თქვენ ორმოცდახუთი წლის განმავლობაში ღვთისადმი დიდი მორჩილებით, ასე უდრტვინველად ატარებთ.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისი არის ის შეურყეველი ქვაკუთხედი, საიდანაც დევნის უმძიმესი პერიოდის შემდეგ საქართველოს ეკლესიის ფერისცვალება და ჩვენი ერის სულიერი აღმავლობა იწყება.

რთულია, სიტყვებით წარმოაჩინო თქვენი ღვაწლი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი მუხლჩაუხრელი მსახურება ერის ცხოვრების მრავალ სფეროს შეეხო. შეუძლებელია, აღინუსხოს ის სიკეთეები, რომლებიც თქვენ ათეული წლების განმავლობაში უფლისა და თქვენი მფარველი წმინდანის შეწევნით გიკეთებიათ.

საკუთარი თავის შეცნობა, ანალიტიკური აზროვნება, მოყვასის სიყვარული, შემწყნარებლობა, სიკეთის ქმნა – ეს ის სულიერი, ზნეობრივი და ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი პრინციპებია, რომლებსაც თქვენ მუდამ შთაგვაგონებთ და რომლებიც ჩვენი ერის ცნობიერების კეთილგონიერებისკენ წარმართვისა და სულიერი განმტკიცების საწინდარი გახდა.

სასოებითა და სიყვარულით გაჯერებული თქვენი ყოველი ქადაგება დიდი ნუგეშის მატარებელია.

,,ნუ გეშინიათ, საქართველო გამთლიანდება! როგორც განუყოფელია კვართი უფლისა, ისე განუყოფელია საქართველო“, – ხშირად გითქვამთ თქვენ და ეს სიტყვები ყოველი ქართველისთვის ყველაზე დიდ სატკივარში დიდი იმედის მომცემია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თქვენი ღვაწლის წარმატებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს პირად სულიერ და ადამიანურ თვისებებს. სიყვარული და თანაგრძნობა, ლმობიერება და მოთმინება, სიმშვიდე და თავმდაბლობა, რომელსაც თქვენ მოყვასთან ურთიერთობაში მუდამ ავლენთ, ის უხილავი ძალაა, რომელმაც მრავალი ადამიანის გული გაათბო და ეკლესიის წიაღში მოიყვანა. ვისაც თქვენთან ურთიერთობა ჰქონია, თქვენ მათ ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა მიეცით და უფლის სიყვარულისა და ცოცხალი სარწმუნოების მაგალითი აჩვენეთ. ამასთან, თქვენი ეს თვისებები და სათნოებები გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოს ეკლესიას და თქვენს პიროვნებას დიდი ავტორიტეტი აქვს მოპოვებული საერთაშორისო ასპარეზზე როგორც სასულიერო, ასევე საერო მოღვაწეთა შორის.

,,ვიდრე ვიცოცხლებ, ჩემ თვალწინ იქნება ის თვალით უხილავი, მაგრამ რეალური ტახტი, რომელზეც დამსვა უფლის ძლიერმა მარჯვენამ. ჩემს გულზედ წერია ის ვალდებულებანი, რომლებიც მისმა მოწყალებამ დამაკისრა და ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ ყოვლად მაღალი მოწყალებით და ქრისტეს მოძღვრების მოყვარული ქართველი ხალხის თანადგომით ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მაღალი ღმერთის მადლმა და ძალამ დამაკისრა”, – ბრძანეთ თქვენ; და ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ თქვენ დღესაც დიდი შემართებითა და ერთგულებით ასრულებთ უფლის მიერ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს; თავგანწირვითა და სიყვარულით ემსახურებით ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს.

ამიტომაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევე როგორც წარსულში, თქვენი სიბრძნით არაერთხელ ააცილეთ საქართველოს დიდი განსაცდელი, დღესაც, როდესაც ჩვენი ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი ლოცვითა და სულიერი წინამძღოლობით, უფალი შეგვაძლებინებს მათ გადალახვას.

ბედნიერია ერი, რომელსაც თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. ჩვენ ბედნიერი თაობა ვართ, რადგან უფალმა წილად გვარგუნა თქვენი თანამედროვეობა.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს დიდი სიყვარულით მადლობას გიხდით თქვენი სამოციქულო ღვაწლისა და მამობრივი ზრუნვისთვის.

ვევედრებით და შევთხოვთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ! მრავალსა წელსა მრავალჟამიერ! ამინ!,- აღნიშნა მეუფე შიომ.