BBC-ის მიუკერძოებლობაზე კითხვებს ვერასდროს დავსვამ, რადგან ძალიან ავტორიტეტული და პატივსაცემი მედიასაშუალებაა მსოფლიოში, მაგრამ ამავე დროს ადამიანის დანაშაული მტკიცდება სასამართლოზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი ღირსება და სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოს გზით. უნდა დაველოდოთ მოვლენებს“, – აღნიშნა ნაყოფიამ.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.