
გამოვლენილია ტენდენცია, რომ ადამიანებზე ორ-ორი ბიულეტენი გაიცემა და ორი ბიულეტენით აძლევენ ხმას, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისის მასშტაბით კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სიმძიმის ფაქტზე უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი.
„10:00 საათისთვის მდგომარეობა მთელი საქართველოს მასშტაბით დამძიმებულია. განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, თბილისის მასშტაბით კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს. ყველა საარჩევნო უბანზე რაღაც ტიპის დარღვევები ვლინდება. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები, რაც ამ მომენტისთვის ფიქსირდება, თან სისტემატურად, არის თბილისის 51-ე უბანი, სადაც გაიცა ორი ბიულეტენი. ამის გამო დაიწერა საჩივარიც.
სამგორში უკვე მეორედ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, ჯერ 37-ე უბანზე, მერე კი 51-ე უბანზე. ვლინდება ტენდენცია, რომ ადამიანებზე 2-2 ბიულეტენი გაიცემა და 2-2 ბიულეტენით აძლევენ ხმას. ამ დარღვევის სისტემურობა უკვე გამოვლენილია. აგრეთვე აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება ნაძალადევის 33-ე უბანი, სადაც ჩვეულებრივი კრიმინალური სინდიკატი მოქმედებს, ვინმე ნოზაძის ხელმძღვანელობით, რომელიც აბსოლუტურად ყველა დანაშაულისთვის იქნება პასუხისგებაში მიცემული. არ გვაძლევენ საშუალებას კამერის სწორად დაყენების, არ უნდათ, რომ იქ კამერა იდგეს. გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები კაბინაში შევიდნენ და იქიდან სახის დაფარვით გამოვიდნენ. ეს მიანიშნებს, რომ იქ „კარუსელი“ ტრიალებდა. აგრეთვე პრობლემური უბანია მთაწმინდაზე, 58-ე სკოლაში მდებარე უბანი, სადაც ჩვენი კამერა უბრალოდ გამორთეს.
მინდა საზოგადოებას მკვეთრად ვუთხრა, რომ ჩვენ ლაივსტრიმი გაშვებული გვაქვს ტრადიციულად თბილისის ძველი უბნებიდან. ყველაზე მძიმე 10-12 უბანი გვაქვს არჩეული, სადაც ტრადიციულად სულ გაყალბებაა და შემჩნეულია ამ უბნებზე დარღვევების ტენდენცია. თბილისის მასშტაბით, უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა სიმძიმის ფაქტებზე. აგრეთვე საჩივრები იწერება რეგიონებში. საარჩევნო უბნებთან პირდაპირ მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა. კონკრეტული ფაქტები გვაქვს უკვე. მაგალითად, ბათუმში, მე-15 უბანში, პირდაპირ საარჩევნო უბანთან არის სამარშრუტო ტაქსი ჩამომდგარი, სადაც არიგებენ ფულს, აგრეთვე მსგავსი შემთხვევა, ზუსტად იდენტური, არის დაფიქსირებული მუხიანში, 75-ე და 62-ე საარჩევნო უბნებზე. აქაც დავაფიქსირეთ ფულის დარიგების ფაქტი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.