ბათუმში, 31 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ

139
spot_img

ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერით პუტინისა და ომის მომხრე არტისტები ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

კერძოდ, როგორც მედია წერს, Astoria Grande-ს მგზავრებს შორის, რომელიც ბათუმში 31 ივლისს ჩავა, იქნება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი “Zа Россию” მარათონის მონაწილე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი, 2018 წლის არჩევნებში პუტინის მომხრე და ჯგუფი Hi-Fi-ს ყოფილი სოლისტი, მიტია ფომინი, რომლის წინააღმდეგ უკრაინას სანქციები აქვს შემოღებული.

“[ფომინმა] მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსულ პროპაგანდაში და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამომთხრელ რუსულ პოლიტიკას, ყირიმის ანექსიას”, – წერია უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს პროექტის “ომი და სანქციები” ვებგვერდზე.

ასევე მოსალოდნელია, რომ ლაინერზე იქნება რუსული მუსიკალური ჯგუფი “ტესტოსტერონი,” რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში რუსული არმიის მოსამსახურეების წინაშე გამოდიოდა. Astoria Grande-ზე კიდევ ერთი არტისტი ბელარუსი დმიტრი კოლდუნი იქნება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და 2018 წელს ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” კონცერტიც ჩაატარა.

განრიგის თანახმად, საკრუიზო ლაინერი სოჭს 29 ივლისს დატოვებს და ბათუმში 31 ივლისს ჩავა. მის მგზავრებს არ შეუძლიათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და ბათუმის პორტიდან გასვლამდე გემზე უნდა დარჩნენ.