ბათუმის საქალაქო სასამართლომ პლაკატის გაკვრისთვის მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა

0
spot_img

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეორედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. მოსამართლე მარიანა ფომაევამ პლაკატის გაკვრისთვის ამაღლობელი 1000 ლარით დააჯარიმა. ფომაევამ გადაწყვეტილება ორი მოწმე სამართალდამცველისა და ერთ-ერთი აქციის მონაწილის მოსმენის შემდეგ მიიღო.

დაცვის მხარის განცხადებით, მზია ამაღლობელი ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს.

„დიახ ორი ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს, მზია იმყოფებოდა აქციაზე, გააკრა სტიკერი და რამდენიმე წუთში დააკავეს, არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ქმედება, ამასთან არ არის და ვერ მოვიპოვეთ განმარტება კანონში სად შეიძლება დამახინჯდეს იერსახე ქალაქის და სად არა. ამაზე სასამართლოსაც მივმართეთ განემარტა, თუმცა თავი არ შეუწუხებია“ აღნიშნა ამაღლობელის ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, ერთხელ პასუხისმგებლობა ამაღლობელს სამართალდამცველების შეურაცხყოფის, მეორედ კი პლაკატის გაკვრის გამო დაეკისრა და არც საქმე იყო ხანდაზმული და ვადაგადაცილებული.

ცნობისთვის, რომ პირველ ადმინისტრაციულ ბრალდებაზე მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმეს. დღევანდელ სხდომას იგი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო და ამის შესახებ სასამართლოს წერილობით მიმართა.

პარალელურად გრძელდება სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, რომლის მორიგი პროცესი 23 ივნისს არის ჩანიშნული.