ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის პრეზიდენტის, მუჰამედ შაჰაბუდინის პრესმდივანი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა“, – განაცხადა შიპლუ ზამანმა.
ქვეყნის პარლამენტის დათხოვნა საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
შეგახსენებთ, გუშინ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ თანამდებობა დატოვა და ინდოეთში გაემგზავრა. ქვეყნის არმიის მეთაურმა, ვაკერ-უზ-ზამანმა დროებითი მთავრობის შექმნა გამოაცხადა.
შეიხ ჰასინას გადადგომა მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც ივლისში სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო. ისინი, თავდაპირველად, საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმებას მოითხოვდნენ, შემდეგ კი მათი პროტესტი პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობასა და არეულობაში გადაიზარდა. საერთო ჯამში, ივლისის შემდეგ, საპროტესტო აქციებს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.