ეკვადორში სამართალდამცავების მიერ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ბანანის ტვირთში დამალული 6.23 ტონა კოკაინი იპოვეს, – ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ტვირთი გერმანიაში გასაგზავნად იყო გამიზნული და დანიშნულების ადგილამდე მისვლის შემთხვევაში მისი ღირებულება 224 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, აღმოჩენის შემდეგ ხუთი ადამიანი დააკავეს.
კოკაინის ამანათები საექსპორტოდ განკუთვნილი ბანანის ყუთების ქვეშ იყო დამალული.
ეკვადორი მეზობელ პერუსა და კოლუმბიაში წარმოებული კოკაინის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა, რადგან ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები ეკვადორის პორტებს ნარკოტიკების ევროპასა და აშშ-ში გადასაზიდად იყენებენ.
შარშან, ეკვადორის უსაფრთხოების ძალებმა 200 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს, უმეტესი ნაწილი კოკაინი იყო.