ბალისტიკური რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გააჩერა და ძირითადად ჩამოგდებულია ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ-ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

88
spot_img

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა სამხედრო ბაზას.

მისი თქმით, რაკეტების უმეტესობა შორი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გააჩერა და რაკეტები ძირითადად ჩამოაგდეს ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.

„ერთი რაკეტის ჩამოგდების შედეგად ნეგევში პატარა გოგონა დაშავდა”, – განაცხადა ჰაგარიმ.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე ჩამოაგდეს ათობით ფრთოსანი რაკეტა და ათობით დრონი.

ჰაგარის თქმით, მთლიანობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი სხვადასხვა სახის დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

„ინციდენტი ჯერ არ დასრულებულა”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს.“