ბაკურიანში ოლიმპიური ფესტივალის – „ბაკურიანი 2025“-ის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა

17
spot_img

ბაკურიანში ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად გამოცემული ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტები გადასცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს, ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი ოლიმპიელის კობა წაქაძის შვილს – კახა წაქაძეს და 2010 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს.

5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მიიღო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტბის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ – ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი.

საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება.

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „ბაკურიანი 2025″-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს.