“უკრაინა ყირიმის საკითხზე მოლაპარაკებისთვის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ იქნება მზად” – ომის 407-ე დღე

68
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 407-ე დღეს, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას დასახლებებისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა მზად იქნება დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებენ და ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ.

„თუ მოვახერხებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას ბრძოლის ველზე და როდესაც ვიქნებით ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, მზად ვიქნებით გადავშალოთ დიპლომატიური გვერდი ამ საკითხის განსახილველად. ეს არ ნიშნავს, რომ გამოვრიცხავთ ყირიმის ჩვენი არმიის მიერ გათავისუფლების გზას“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი თანაშემწეები ახლა განიხილავენ მხოლოდ ასეთ ვარიანტს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, პოლონეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ლიდერობა საჰაერო კოალიციაში და უკრაინას თანამედროვე F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაში დაეხმაროს.

„როდესაც ბრძოლა მოითხოვს არტილერიას, მისი მიწოდება უნდა მოხდეს. როდესაც გამარჯვება ითხოვს ტანკებს, ფრონტის ხაზზე მათი გრუხუნის ხმა უნდა ისმოდეს. როცა დამოუკიდებლობა ჰაერს მოითხოვს, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, როგორი რეაგირება ექნება რუსეთი ჩვენს თვითმფრინავებზე, არ უნდა იფიქრო, რომელი ნომერი გამოიყურება უფრო უსაფრთხო ასო F-ის გვერდით, 16 თუ სხვა. ღირს მოქმედება! იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენმა ხელმძღვანელობამ სატანკო კოალიციაში გამოიჩინა თავი. მჯერა, ის საავიაციო კოალიციაშიც გამოიჩენს თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ პოლონეთში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, პოლონეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპი რამდენიმე გამანადგურებელი უკვე გადასცა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს განახორციელა.