ბაიდენი მოქალაქეებს მოუწოდებს, დაელოდონ FBI-ს გამოძიებას და არ გამოთქვან ვარაუდები ტრამპის მიტინგზე მსროლელის მოტივზე

24
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გამოთქვან ვარაუდები და გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) თავისი სამუშაოს შესრულების საშუალება მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია მსროლელის მოტივის შესახებ, მაგრამ ვიცით ვინ არის ის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ყველას მოვუწოდებ… გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ვარაუდებს მის მოტივებზე. FBI-სა და პარტნიორ სააგენტოებს თავიანთი სამუშაოს განხორციელების საშუალება მიეცით“, – დასძინა მან.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.