აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და გაჟღერებული გზავნილები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი ნდობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ფაქტობრივად, რეგიონში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ორივე ქვეყანას, აზერბაიჯანსა და სომხრეთს აქვს სრული ნდობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, ითამაშოს მედიატორის როლი სამშვიდობო მოლაპარაკებების და სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მშვიდობამ დაიმსახუროს, რომ არ იყოს საომარი მოქმედებები და კონფლიქტები. ამ მხრივ, გვაქვს სრული მზაობა, რომ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესებში მედიატორის როლში. ამის გამოცდილებაც ახლო წარსულმა დაადასტურა, როდესაც პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოს ინიციატივით, საგარეო საქმეთა მინისტრების, ჩატარდა თბილისში. ამის შემდეგ, ყველას ძალიან კარგად ახსოვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით,როგორ მოხდა სომეხი ტყვეების გაცვლა დანაღმული ტერიტორიების რეალურ რუკებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო სანდოობის კუთხით არის ის ქვეყანა, რომელიც ორივე მხარისთვის არის მისაღები. შესაბამისად, დღევანდელი ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიც ამაზე მეტყველებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამ მიმართულებით ჩვენი მზაობა, რადგანაც ეს ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის, იმიტომ, რომ მხოლოდ მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკით არის შესაძლებელი ეკონომიკური განვითარებაც, ჩვენი თითოეული მოქალქის კეთილდღეობაც და, რა თქმა უნდა, სამეზობლოში მშვიდობიანი თანაარსებობა არის ძალიან ბევრ პერსპექტივაზე ორიენტირებული პროექტის განხორციელების საწინადარი“, – განაცხადა მიქანაძემ.