„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები ჩადიან

10
spot_img

სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრაზილიაში ჩავლენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრაში, – ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს და ამ ქვეყნის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს – სამს აზერბაიჯანიდან და სამს რუსეთიდან“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, შავი ყუთები ბრაზილიაში სამშაბათს ჩავა.

„სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოპოვებული მონაცემები გადაეცემა ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დირექტორატს, ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ კატასტროფის გამოძიებაზე“, – აცხადებენ ბრაზილიის საჰაერო ძალებში.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.