ავტოკრატების ღერძი: მსოფლიო სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის თვალით

142
spot_img

ბრიტანული ჟურნალი „ნიუ სთეითსმენი“ (New Statesman) 21 აპრილის ნომერში აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ავტოკრატების ღერძი: მსოფლიო სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის თვალით // რუსეთი და ჩინეთი დასავლეთის წინააღმდეგ“ (ავტორი – ქეით სტალარდი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

1949 წლის დეკემბერი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სულ ორი თვის წინ არის შექმნილი, მისი ლიდერი მაო ძედუნი კი უკვე მოსკოვში იმყოფება და საბჭოთა კოლეგასთან – იოსებ სტალინთან საუბრობს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩინეთის ლიდერისათვის, როგორც ძლევამოსილი კომუნისტი ამხანაგისათვის, კეთილი სიტყვები ეთქვა, სტალინმა მაო ძედუნს ლექცია ჩაუტარა, თუ როგორ უნდა ემართა თავისი ქვეყანა. შემდეგ იგი კიდევ 17 დღე ალოდინა მეორე აუდიენციისათვის. „მე იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ მაგიდას სულ მუშტებს ვურტყამდი“, – ასე ეუბნებოდა მოგვიანებით მაო საბჭოთა ელჩს პეკინში. ჩინეთის ლიდერმა დაიჩივლა, რომ ორთვიანი ვიზიტის განმავლობაში იგი მხოლოდ სამი ძირითადი მოქმედებით იყო დაკავებული: „ვჭამდი, მეძინა და ტუალეტში დავდიოდი“.

გავიდა თითქმის 70 წელი, ძალთა ბალანსი მკვეთრად შეიცვალა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ჩინეთი კი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოს წარმოადგენს. რუსეთი, საბჭოური სახელმწიფოს მემკვიდრე, დღეს დახმარებას ჩინეთს სთხოვს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში. როცა ამას წინათ სი ძინპინი მოსკოვში იყო ჩასული, თავისი კოლეგა ვლადიმერ პუტინი მას გულმოდგინედ შემუშავებული ცერემონიით დახვდა – ისე, როგორც სტუმარ-იმპერატორს შეეფერება. რუსეთის პრეზიდენტი თავს ხრიდა ჩინელი ლიდერის წინაშე და ქება-დიდებას არ იშურებდა „ცისქვეშეთის“ მეთაურის საამებლად.

(…)
რუსეთ-ჩინეთის ამჟამინდელი დაახლოების ფესვები 1980-იან წლებში მიდის, როცა უკანასკნელი საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ დენ სიაოპინმა დაინტერესება გამოხატეს ურთიერთობის გაუმჯობესებით და სასაზღვრო დავის დასრულებით. 2001 წელს, როცა სამი წელი იყო გასული ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობიდან და როცა იგი ჯერ კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს ახალ როლში, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩინეთის იმდროინდელ ლიდერთან ძიან ძემინთან. 2005 წელს მოგვარდა საზღვრების საკითხიც – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვარი მთლიანად იქნა დემარკირებული და იმავდროულად, დემილიტარიზებულიც.

ექსპერტები წინააღმდეგობრივად აფასებენ მოსკოვ-პეკინის ერთმანეთთან დაახლოების ხასიათს. მაგალითად, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, პროფესორი სერგეი რადჩენკო ამბობს, რომ „რუსეთი გახდა არა მხოლოდ ჩინეთის უმცროსი პარტნიორი, არამედ უფრო უარესი – მისი ვასალი“. ალექსანდრე გაბუევის, რუსეთში კარნეგის ცენტრის დირექტორის აზრით, ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებობს ეკონომიკური ურთიერთჩანაცვლება: რუსეთს აქვს უდიდესი ბუნებრივი რესურსები, მას ძალიან ჭირდება ტექნოლოგიები, ჩინეთს კი პირიქით – აქვს ტექნოლოგიები და აკლია ბუნებრივი რესურსები“. მისი თქმით, საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჩინეთი და რუსეთი ავტორიტარული ქვეყნები და თანამოაზრენი არიან, ორივე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან და ორივე ებრძვის „ამერიკულ ჰეგემონიზმს“. მოსკოვი შთაგონებულია მანტრით – „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“. თავის მხრივ, პეკინიც გარკვეულწილად რუსეთის მხარში ამოდგომას ცდილობს: ჩინეთი მომავალზე ფიქრობს – ვაითუ პუტინის შემდეგ რუსეთის ისეთი ლიდერი მოვიდეს, რომელიც დასავლეთის მიმართ ლოიალური იქნება: „იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დასავლეთისაკენ შებრუნდება, ეს ჩინეთისათვის სტრატეგიული კოშმარი იქნება“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი.

(…)
პეკინი და მოსკოვი ცივი ომის დროინდელ თავიანთ ანტიკოლონიური განცხადებებს ეფუძნებიან და წინ სწევენ იდეას, რომლის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი „გლობალური სამხრეთის“ ჭეშმარიტ მეგობრებს წარმოადგენენ – ისეთ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ ის ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ – ბუნებრივი რესურსები, სურსათი, ტექნოლოგიები და… იდეები. პეკინი და მოსკოვი „გლობალურ სამხრეთს“ სთავაზობენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების იდეას, რომელიც მხოლოდ აშშ-ის ბატონობის დამხობით განხორციელდება.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ყველაფერში ერთმანეთს ეთანხმებიან, თუ როგორ უნდა იყოს ახალი მსოფლიო წესრიგი. ჩინეთის ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყო მსოფლიო ბაზრებში ინტეგრირებამ და მეტ-ნაკლებად ლიბერალურმა საგარეო პოლიტიკამ, რუსეთის საგარეო პოლიტიკა კი მე-19 საუკუნის წარმოდგენებს ეფუძნება და უპირატესობას ხისტ ძალას ანიჭებს. პეკინს სურს, რომ მსოფლიოში ამჟამად არსებული სისტემა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და არა მთლიანად „დაწვას და დაანგრიოს“, როგორც ეს რუსეთს სურს.
ჩინეთსა და რუსეთს შორის ერთ-ერთ გაურკვეველ საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენად ისარგებლებენ ჩინელები რუსეთის ხარჯზე. მაგალითად, არქტიკასთან მიმართებით. თავის დროზე მოსკოვი ეჭვის თვალით უყურებდა პეკინის მტკიცებას, რომ ჩინეთი „არქტიკასთან ახლოს მდებარე სახელმწიფოს წარმოადგენს და მას იქ ინტერესები აქვს“. ბოლო დროს ჩინეთმა თავისი გავლენა გააძლიერა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთისათვის ყოველთვის „უკანა ეზოს“ წარმოადგენდნენ. ჩინურ პროექტში – „ერთი გზა- ერთი სარტყლის“ ინიციატივაში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ჩინეთთან ინტეგრირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, რასაკვირველია, პეკინისა და მოსკოვის უთანხმოება მძაფრი არ არის, ჯერ-ჯერობით ორივე კონსენსუსით მოქმედებს, ორივეს სურს, რომ რეგიონი სტაბილური იყოს და არ მოხდეს პრობლემების გავრცელება – ტერორიზმის, დასავლური დემოკრატიისა და „ფერადი რევოლუციების“ იმპორტი.

ორივე მხარე დაინტერესებულია იმით, რომ უთანხმოება გარკვეულ საზღვრებში იყოს მოქცეული და საჯაროდ მათზე არ ილაპარაკონ. მოსკოვსა და პეკინს შორის ერთგვარი გარიგება არსებობს, რომ ჩინეთმა ისეთი მოქმედება არ განახორციელოს, რომელიც რუსეთის ავტორიტეტს და პრესტიჟს შელახავს. გარე სამყარომ არ უნდა იცოდეს, არ უნდა დაინახოს ის, რომ ჩინეთი რუსეთს რაიმეში ავიწროებს. პრობლემები მაშინ დაიწყება, თუ „ცისქვეშეთი“ ყველას დაანახებს თავის უპირატესობას რუსეთზე და თუ პუტინის რეჟიმს იძულებულს გახდის დამამცირებელ დათმობებზე წავიდეს.

მაგალითად, ჩინეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ და დამატებით კიდევ ოთხი ოლქის მიერთებას, მაგრამ, ვლადიმერ პუტინის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ამაზე „ხმამაღლა არ გაჰყვირის“ და კრემლს რაიმე სანქციებს არ უცხადებს, დასავლეთისაგან განსხვავებით. სი ძინპინი საჯაროდ არ ახმიანებს იმას, რომ ჩინური კომპანიები რუსეთთან ტექნოლოგიებით ვაჭრობას აგრძელებენ. მას არ სურს, რომ ვლადიმერ პუტინი დამარცხდეს, რადგან რუსეთის კრახით ჩინეთიც დასუსტდება. მაგრამ იმავდროულად პეკინი მზად არ არის თავისი ეკონომიკა რუსეთის ინტერესებს შესწიროს – არ აძლევს კრემლს იარაღს, რადგან იცის – სამხედრო დახმარებას დასავლეთის სანქციები მოჰყვება.

დასავლელი პოლიტიკოსებისათვის ყოველთვის არ იყო ცნობილი ორი დიდი მეზობლის უთანხმოება-წყენანი, დაწყებული მაო ძედუნისა და იოსებ სტალინის დროიდან. ცივი ომის პირველ ათწლეულში ამერიკელი პოლიტიკოსები ორივე სახელმწიფოს ერთ დიდ კომუნისტურ კოლოსად ხედავდნენ. მოგვიანებით აშშ-მა გარკვეული ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან დაახლოებისათვის, მაგრამ საბოლოოდ ვაშინგტონმა ყველაფერი მხოლოდ საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ გაიგო. დღეს მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა იგივე შეცდომა არ დაუშვას და „უსაზღვრო მეგობრობაზე“ ჩინეთ-რუსეთის ერთობლივი განცხადებები ბოლომდე არ დაიჯეროს – მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის ლორდ ჰენრი პალმერსტონის გამონათქვამის მიხედვით, „არცერთ სახელმწიფოს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები, მაგრამ აქვს მუდმივი ინტერესები“.

და მაინც, ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში ჩინეთმა და რუსეთმა – როგორც მეზობლებმა – ისწავლეს ერთმანეთის დაფასება და უთანხმოების შედეგად წარმოქმნილი რისკების გაცნობიერება. ახლა, როცა ორივე საერთო საგარეო „მტრის“ წინაშე აღმოჩნდნენ, თვლიან, რომ მათ ინტერესში უთანხმოების წარმოჩენა კი არ არის, არამედ მათი დარეგულირება და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განმტკიცება. „ამჟამად პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობებში გარკვეული მემკვიდრეობითობა შეინიშნება. ვლადიმერ პუტინი რომც მოკვდეს და სი ძინპინი გაქრეს, არა მგონია, რომ რუსი და ჩინელი ლიდერების მომდევნო თაობა კურსს შეცვლის“, – ამბობს სერგეი რადჩენკო.

წყარო