აუცილებლად გაგრძელდება თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის. მასთან თანამშრომლობა გარდაუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილმა ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი ნაწილისთვის გახლავთ ადამიანი, რომელსაც ესაუბრებიან, როგორც საქართველოს წარმომადგენელს. ამიტომაც გარდაუვალი გახლავთ ოპოზიციისთვის მასთან თანამშრომლობა და მასთან ერთად ყოფნა. მით უმეტეს, როცა დიქტატურა მყარდება ქვეყანაში, ყველა ძალა, რომელიც ებრძვის ამ დიქტატურას, ფაქტობრივად, ვალდებულიც ხდება, ითანამშრომლონ, მინიმალურ დონეზე მაინც კოორდინაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან. ეს უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის დაკვეთაც არის. ამიტომ აუცილებლად გაგრძელდება თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებსა და სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტს შორის. გეგმები გახლავთ ბრძოლა, რათა ეს რეჟიმი დასრულდეს, დაინიშნოს ახალი, თავისუფალი არჩევნები, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის პრიორიტეტული. თანამშრომლობას რაც შეეხება, მაგალითად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო აქტივიბები, რადგან კარგად გვესმის, რომ საქართველოს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ოპოზიციას ხშირად დასავლელ პარტნიორებთან კონსოლიდირებული პოზიციები აქვს და წერილებსაც ვაგზავნით, შეხვედრებსაც ვმართავთ. მათ შორის, ამ კონტექსტშიც შეიძლება, თანამშრომლობა გაგრძელდეს. ქვეყნის შიგნით ჩვენი კაპიტალი, რესურსი რაც გვაქვს, რითაც შეგვიძლია, დიდ ეროვნულ წინააღმდეგობას დავეხმაროთ, ამ მხრივაც ვაქტიურობთ, თუმცა დღეს ისეთი ვითარებაა, როდესაც მთავარი ორგანიზატორები არიან რიგითი მოქალაქეები. უბრალოდ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ მეტი რესურსი, გარკვეულ აქტივობებში მივიღოთ მონაწილეობა, მათ შორის ვიყოთ რიგითი ორგანიზატორებიც. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი მაინც არის ის პოლიტიკური აქტივობები, რომლებსაც საერთაშორისო ფრონტსა და ქვეყნის შიგნით ვახორციელებთ, რათა მოხდეს ამ რეჟიმის დელეგიტიმაცია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ოთხ ოპოზიციურ პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის ალიანში შედგეს, ფავლენიშვილმა აღნიშნა:
„ჯერჯერობით ქვეყანაში პარტიული და პოლიტიკური პროცესი არის მკვდარი, რადგან ქვეყანაში დიქტატურა როდესაც მყარდება, საჯარო სამსახურებში წმენდაა დაწყებული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ფაქტობრივად, გადაკეტილია და არჩევნებს აზრი აღარ აქვს, ამ დროს რაიმე ალიანსსა და პოლიტიკურ ბლოკებზე საუბარი უბრალოდ არაადეკვატური იქნებოდა. ამიტომ ჯერ გვაქვს პროგრამა, მინიმუმი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ ამ რეჟიმის დემონტაჟი მოხდეს“.