აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა-ზაზა ოქუაშვილი

4
spot_img
აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა-ზაზა ოქუაშვილი
გამოსავალი „მთავარი არხის“ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთია, შეწყდეს „მთავარი არხის“ ფინანსური მაქინაციებით დაზიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებისთვის. ამისთვის აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა, – ნათქვამია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჯერ კიდევ არაშორეულ წარსულში, 2004 წელს, პირველად მე გავასაჯაროვე ხელისუფლების მიერ ბიზნესის შევიწროების, კერძოდ, „ომეგა“ ჯგუფისთვის წილების გამოძალვის ფაქტები, ტვ „იბერიას“ ჩათვლით. ასევე 2018 წელს, მე პირველმა გამოვამჟღავნე ივანიშვილის რეალური სახე, ისევ ჩემი „ომეგა“ ჯგუფისა და ტვ „იბერიას“ გამოძალვის მაგალითზე და დღეისთვის, ივანიშვილისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ მაქვს ოთხი მიმდინარე საერთაშორისო სამართლებრივი დავა, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სასამართლოებში.
დღეს ბიძინა ივანიშვილზე, ნიკა გვარამიასა და „მთავარ არხში“ მისი პროტეჟე გიორგი გაბუნიაზე მიწევს საუბარი. ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ტვ „იბერიას“ ბაზაზე დავაფუძნე. გახსნისთანავე ნიკა გვარამიამ, ჯერ იყო და 88,500 ლარი დაინიშნა ყოველთვიური ხელფასის სახით, შემდეგ კი, ფულის გათეთრებით დაკავდა – მილიონობით არადეკლარირებული ნაღდი დოლარის გათეთრებით, საქართველოდან საერთაშორისო საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით, ევროპისა და ბრიტანეთის ჩათვლით. როგორც დირექტორმა, ხელოვნურად გაკოტრების პირას მიიყვანა “მთავარი არხი“ წლების მანძილზე სახელმწიფო საბიუჯეტო დავალიანებით, რომელიც დღესდღეობით 13 მილიონი ლარია. ამავდროულად ომეგა ჯგუფის კუთვნილი თანხები, ნიკა გვარამიამ, როგორც დირექტორმა, არამიზნობრივად გახარჯა და ომეგა ჯგუფი, როგორც „მთავარი არხის“ მფლობელი, დამატებით 6 მილიონამდე ლარით დააზარალა.
გვარამია და გაბუნია, „მთავარ არხზე“ საკუთარი ფინანსური დანაშაულებების ჩადენით, ივანიშვილის და მისი ჯგუფის დავალებების შემსრულებლები გახდნენ. ნიკა გვარამიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციის დასანაწევრებლად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
ცხრა თვეა, რაც „მთავარ არხზე“ ჩემ მიერ წარდგენილმა დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ „მთავარი არხის“ ძველი და ახალი გენერალური დირექტორების დანაშაულებები გამოავლინა. მას 50-ზე მეტი გაფრთხილების წერილი აქვს მიწერილი გიორგი გაბუნიასა და სხვა პასუხისმგებელი პირებისთვის, ნიკა გვარამიას ჩათვლით, „მთავარ არხზე“ დანაშაულებრივი მაქინაციების შეწყვეტის მოთხოვნით.
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ცხრა თვის განმავლობაში, მათი მხრიდან ყოველმხრივი ზეწოლისა და წერილობითი მუქარის მიუხედავად, არ აწერს ხელს კანონშეუსაბამო დოკუმენტაციას და მოითხოვს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან, რომ ტელევიზიის საქმიანობა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ტელევიზია განთავისუფლდეს ერთპიროვნული კონტროლისგან ნიკა გვარამიასი, რომელიც დღეისთვის თვითონ არის ივანიშვილის და მისი ჯგუფის ინსტრუქტაჟისა და მფარველობის ქვეშ, უკანონოდ მითვისებული მილიონობით ლარისა და დოლარის გამო.
ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ, ქვეყნისთვის ყველაზე მწვავე პერიოდი აირჩიეს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად და შეეცადნენ საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები და თანაც ახლა. ეს იმ ფონზე, როდესაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიმდინარეობს გიორგი ქურდაძის, როგორც დირექტორის ხელმოწერის კანონგარეშედ უგულებელყოფა. ტელეკომპანია „მთავარ არხში“ არაფერი იცვლება, იმის მიუხედავადაც, რომ სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური და გენერალური პროკურატურა, ფლობენ აღნიშნულ ფაქტებს.
საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ გამოსავალი „მთავარი არხის“ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთია: შეწყდეს „მთავარი არხის“ ფინანსური მაქინაციებით დაზიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებისთვის. ამისთვის აუცილებელია, ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა. ტელეკომპანიაში კი, ვაკანტურ ადგილას უნდა დაინიშნოს „მთავარი არხის“ თანამშრომლებთან ერთად შერჩეული პირი, აგრეთვე აირჩეს ბორდი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, რათა ტელეკომპანიამ კანონიერად იმუშაოს, მაუწყებლობა იყოს დაბალანსებული და ობიექტური. არხის თანამშრომლების პროფესიული და თავდადებული შრომა კი არ უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური სარგებლისთვის, ნიკა გვარამიას მართული როლით.
ჩემ გარდა „მთავარი არხის“ მსხვილი წილის მეორე რეალურ მფლობელს მოვუწოდებ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად, ჯერ კიდევ სანამ დროა, აქტიურად ჩაერიოს პროცესში, რომ „მთავარი არხი“ არ შეეწიროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ნიკა გვარამიას გამოყენებით. ისინი „მთავარ არხზე“ კონტროლის დაკარგვას და დამოუკიდებლად დატოვებას, „მთავარი არხის“ დახურვას ამჯობინებენ. დღეისთვის, დროული მოქმედებით, ჩვენ ორს ერთად, „მთავარი არხის“ ყველაზე დიდი წილის მფლობელებს, შეგვწევს ძალა, ჩავაყენოთ ტელევიზია საზოგადოების სამსახურში“, – წერს ზაზა ოქუაშვილი.