“აცნობიერებენ, რომ მართებული გადაწყვეტილება არ იყო, როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, იმედი მაქვს, გამართლდება პროგნოზები” – მიხეილ სარჯველაძე

74
spot_img

საქართველოს ყველა მოცემულობა აქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ნებისმიერი გარემოებისა და კრიტერიუმის მიხედვით, საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინია.

„სტატუსი თუ ეკუთვნოდა მოლდოვასა და უკრაინას, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც ეკუთვნის. ევროპაშიც კარგად ხვდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, მათ შორის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან გაფართოების პერსპექტივაზე საუბარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აცნობიერებენ, რომ თავის დროზე, როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, ეს მართებული გადაწყვეტილება არ იყო. დიდი იმედი მაქვს, გამართლდება პროგნოზები, რომლებიც, მათ შორის მედიის წრეებში კეთდება. მოლდოვასა და უკრაინას თუ ეკუთვნოდა სტატუსი, რა თქმა უნდა, ეკუთვნოდა საქართველოსაც. აქედან გამომდინარე, მაღალია მოლოდინიც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი მოტივირებულია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ქვეყანას ხელი შეუშალოს.

„ისინი შეფასებებში არა უბრალოდ ტენდენციური, არამედ უსაფუძვლო არგუმენტებით შეიარაღებული არიან. საგნობრივად ვერცერთ ისეთ საკითხზე ვერ საუბრობენ, რაც შეუსრულებელი დარჩა. სასამართლო რეფორმას ფასადურს უწოდებენ, მაგრამ კონკრეტული არაფერი აქვთ სათქმელი. საუბარია რაღაც ეფემერულ ცვლილებებზე, რომლის გაუტარებლობაზე მუდმივად გვესმის კრიტიკა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივა, ვითხოვთ და ვსვამთ კითხვას, რა უნდა იყოს ცვლილება. ისინი ან არაფერს გვაწვდიან, ან გვაწვდიან მცდარ და არასწორ ინიციატივებს, როგორიც იყო, მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი, 2/3-ის შემოღების ინიციატივა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან  დეპოლარიზაციის მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგა.

„დიდი ინიციატივები იქნა წარდგენილი საიმისოდ, რომ ასეთი პროცესი დაწყებულიყო. ირაკლი კობახიძემ ყველა კარი გახსნა, რათა თითოეულ საკითხზე ერთობლივად გვემუშავა და რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად მიგვეღწია წარმატებისთვის. ოპოზიციამ იმთავითვე პროცესის ბოიკოტი შემოგვთავაზა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.