ათობით „დემოკრატი“ კანონმდებელი განიხილავს წერილზე ხელმოწერას, რომელშიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი „დემოკრატიულ პარტიაში“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, ბაიდენი სწრაფად კარგავს „დემოკრატი“ კანონმდებლების მხარდაჭერას.
კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ ბაიდენის კანდიდატურამ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება შეიძლება გამოიწვიოს.
მანამდე „დემოკრატმა“ კონგრესმენმა, ლოიდ დოგეტიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
„მე წარმოვადგენ კონგრესის ოლქს, რომელსაც ოდესღაც ლინდონ ჯონსონი [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი] წარმოადგენდა. სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მან მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება [საპრეზიდენტო რბოლიდან] გასვლის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმაც იგივე უნდა გააკეთოს“, – განაცხადა კონგრესმენმა.