მახსოვს ზუსტად ათი წლის წინ მაიდანი, სადაც ევროპარლამენტარები იდგნენ მოედანზე და ამბობდნენ, თუ იანუკოვიჩის მთავრობას გადააყენებთ, ხვალ ევროპაში იქნებითო. ათი წლის შემდეგ არიან თუ არა ევროპაში? შეხედეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს არჩევანი, ქართველები დარჩებიან ხალხად, რომელსაც აქვს მოწოდება, იყოს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი.
„ასეთი განცხადებების გაკეთება ნიშნავს: „მოისმინეთ, ქართველებო, თქვენ ჩვენი მეგობრები იქნებით, თუ ხმას მისცემთ იმას, რასაც მე მინდა“. ეს ასეა. ვფიქრობ, პირველ რიგში, გეოგრაფია არ იცვლება. როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლება საქართველოში, როგორიც არ უნდა იყოს მთავრობა ან მთავრობები ევროპაში, საქართველო ყოველთვის დარჩება იმავე გეოგრაფიულ პოზიციაში. საქართველოს ეყოლება იგივე მეზობლები. საქართველო ყოველთვის იქნება ევროპის დიდი საზოგადოების ნაწილი, მე არ ვსაუბრობ ევროკავშირზე, არამედ ევროპაზე. ჩემი აზრით, საქართველოს ყოველთვის ექნება ევროპული მოწოდება. იმის თქმა, რომ „თუ არ აირჩევთ ამ ხელისუფლებას, დაგასანქცირებთ, აღარ იქნება უვიზო მიმოსვლა“, საქართველოში ყველა ჭკვიანი ადამიანი მიხვდა, რომ ეს იყო უცხოური ჩარევა, შანტაჟი. ყველა მიხვდა, რომ თქვენ გეუბნებიან: „დაგვემორჩილეთ, თორემ დაისჯებით“. ვფიქრობ, ასე არ ხდება, როცა ვსაუბრობთ, როცა ადამიანებს პატივს ვცემთ. მე ევროპის მომხრე ვარ. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს არჩევანი, ვფიქრობ, რომ ქართველები დარჩებიან ქვეყნად, ხალხად, რომელსაც აქვს მოწოდება, იყოს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, შესაძლოა, არა ახლავე, შესაძლოა, არა ხვალვე. მაიდანის მოვლენები მახსოვს. მე 1993 წლიდან ვარ დეპუტატი, მახსოვს ზუსტად ათი წლის წინ მაიდანი, სადაც ევროპარლამენტარები იდგნენ მოედანზე და ამბობდნენ: „თუ იანუკოვიჩის მთავრობას გადააყენებთ, ხვალ ევროპაში იქნებითო“. ათი წლის შემდეგ არიან თუ არა ევროპაში? შეხედეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა ტიერი მარიანმა, რომლის თარგმანსაც „იმედი“ ავრცელებს.