აშშ-თან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს, რომ აჩენ რისკებს ყველა მიმართულებით – ზურა ჯაფარიძე

6
spot_img

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ “ოცნების” ხელისუფლების პირობებში აშშ-ს მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარი, მოულოდნელი არ ყოფილა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ეს ფაქტი ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რადგან საფრთხე ყველა მიმართულებით იზრდება. მისი თქმით, ეს გარემოება გავლენას იქონიებს როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.

ის, რომ პარტნიორობა ვერ შენარჩუნდებოდა აშშ-თან, ეს გასაგები იყო ისედაც. როცა ქვეყანა დგას ვენესუელასთან და ნიკარაგუასთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან, ირანთან და რუსეთთან ერთად, ხომ გასაგებია, რომ ვერ გექნება მეგობრული ურთიერთობა აშშ-თან. როცა შენი დე ფაქტო პრემიერი ჩადის ირანში, სადაც ყვირიან „სიკვდილი ამერიკას!“, გასაგებია, რომ ეს გაგიფუჭებს ურთიერთობას ამერიკასთან. პრობლემაა სერიოზული, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობა და სუვერენიტეტი, რაც გვაქვს, ეს ყველაფერი დგას, სინამდვილეში, აშშ-ზე. ამიტომ ასეთ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს, რომ აჩენ რისკებს ყველა მიმართულებით. ეს არის სიგნალი პოლიტიკური მთელი მსოფლიოსთვის, რომ ეს ქვეყანა აღარ არის ამერიკის მეგობარი ქვეყანა, შესაბამისად, სტაბილურობასთან დაკავშირებით გარანტიები, რაც არსებობს, აქ ფული აღარ უნდა ჩადო, არაფერი აღარ უნდა გააკეთო. აისახება ყველაფერზე, ეკონომიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე, ყველაფერზე, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს.  ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს.