აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ტრამპისთვის მიცემული ხმების განადგურების ამსახველი ყალბი ვიდეოს გავრცლებასთან რუსეთია დაკავშირებული

13
spot_img

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოსთან, რომელშიც პენსილვანიის შტატის საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ტრამპის მხარდამჭერის საარჩევნო ბიულეტენის განადგურება ჩანს, რუსეთია დაკავშირებული.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებში 24 ოქტომბერს გამოჩნდა და ის მილიონობით ადამიანმა ნახა. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ხევს ფერადკანიანი ადამიანი ტრამპის მხარდამჭერ ბიულეტენებს, ხოლო მისი მეტოქის კამალა ჰარისის ბიულეტენებს ხელუხლებლად ტოვებს.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის სამმართველოს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება ყალბ ვიდეოს. მანამდე პენსილვანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვიდეო დადგმულია.

განცხადებაში წერია, რომ ეს ვიდეო „რუსი აქტორების“ მიერ არის შექმნილი და ისინი ასევე მონაწილეობდნენ მის გავრცელებაში, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინათ აშშ-ს არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა და დაეთესათ შუღლი ამერიკელებს შორის.

მანამდე, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ს საარჩევნო პროცესში რუსეთი ერევა. ამ ჩარევის მთავარ მიზნად სახელდება არა არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა, არამედ მათი შედეგებისადმი უნდობლობის გაღვივება და აშშ-ის მოქალაქეებს შორის განხეთქილების შეტანა.

ანალიტიკოსები ვიდეოს გამოჩენას აკავშირებენ რუსულ ორგანიზაციასთან სახელწოდებით „შტორმი-1516“ ან CopyCop. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ორგანიზაციები შედიოდნენ „ტროლების ფაბრიკაში“, რომელიც თავის დროზე შექმნა ახლა უკვე გარდაცვლილმა ევგენი პრიგოჟინმა. პრიგოჟინი და მისი სტრუქტურების რამდენიმე თანამშრომელი აშშ-ში ოფიციალურად დაადანაშაულეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში. ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ნებისმიერ ჩარევას.