აშშ-მა საქართველოში უნდა გაატაროს სტრატეგია, რომელიც პირობით ზეწოლას მოახდენს მთავრობაზე, ამავდროულად, მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას-ჰელსინკის კომისია

10
spot_img

ჰელსინკის კომისია ანგარიშს აქვეყნებს სათაურით „მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ამჟამად თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს შორის.

„საქართველოს მთავრობამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, ბოლო პერიოდში უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია აიღო, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის უმეტესწილად პროდასავლურ განწყობებთან. ეს ცვლილებები მნიშვნელოვან შესაძლებლობებსა და რისკებს ქმნის როგორც რეგიონული აქტორებისთვის, ასევე მათი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. საქართველოში სიტუაცია კომპლექსურია. წლების განმავლობაში საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ მტკიცე მხარდამჭერად მიიჩნეოდა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებით. თუმცა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უფრო ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური პოზიცია დაიკავა. ეს ცვლილება გამოიხატა ოპოზიციური ფიგურებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ გატარებულ ზომებში, ასევე რუსეთთან დაახლოების მცდელობებში.”-აღნიშნულია ანგარიშში.

ჰელსინკის კომისია წერს, რომ მიუხედავად მთავრობის ამ ნაბიჯებისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაციას, რაც მწვავე წინააღმდეგობას ქმნის მთავრობასა და ხალხს შორის.

„ეს დაპირისპირება ყველაზე თვალსაჩინოდ გამოიხატა 2024 წლის გაზაფხულზე თვეების განმავლობაში გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული სტილის „უცხოელი აგენტების შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ იყო მიმართული. საპროტესტო აქციებში მონაწილეობა 300 000-მდე ქართველმა მიიღო. ეს სიტუაცია ქმნის ფუნდამენტურ არასტაბილურობას რეგიონში, სადაც რუსეთს კვლავ ჰყავს განლაგებული გარნიზონი (თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო შემცირებული მასშტაბით), მთავრობასთან, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და სულ უფრო მეტად რუსეთის მეგობრულ პოზიციას იკავებს – მოსახლეობის ფუნდამენტური წინააღმდეგობის ფონზე. საქართველოში მოსკოვმა მოახერხა ბალანსის დაცვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო სამხედრო ყოფნის შენარჩუნებასა და მმართველ პარტიასთან პოლიტიკური კეთილგანწყობის მოპოვებას შორის. ეს მრავალმხრივი სტრატეგია ასახავს რუსეთის ფართო მიზანს – შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში“, – წერს ჰელსინკის კომისია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილება. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის პრორუსული კურსისკენ გადახრამ და შიდა პოლიტიკის სულ უფრო არალიბერალურმა ხასიათმა შეშფოთება გამოიწვია ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ ქვეყნებში. ჰელსინკის კომისიის თანახმად, ქართველ მოსახლეობაში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობები მიანიშნებს, რომ კვლავ არსებობს აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი.

რაც შეეხება აშშ-ის ქმედებებს, ჰელსინკის კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიმართოს ორმაგი მიდგომის სტრატეგიას. ეს გულისხმობს როგორც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობას დემოკრატიული უკუსვლის გამო, ასევე დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების შეთავაზებას, რაც დამოკიდებული იქნება დემოკრატიული მმართველობის დაბრუნებაზე.

„საქართველოში აშშ-მა უნდა გაატაროს სტრატეგია, რომელიც პირობით ზეწოლას მოახდენს მთავრობაზე და ამავდროულად, მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ეს მიდგომა ნათლად უნდა აჩვენებდეს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია დემოკრატიულ რეფორმებსა და მკაფიო პროდასავლურ ორიენტაციაზე, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნებს და ქვეყნის გაუარესებული დემოკრატიის დაცვას. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს ურთიერთობები ქართველ ხალხთან, რაც დაადასტურებს მის ერთგულებას ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ სწრაფვის მიმართ. ასეთმა სტრატეგიამ შეიძლება, ხელი შეუწყოს განსხვავებების შემცირებას საქართველოს მთავრობასა და მის მოსახლეობას შორის, რაც განაპირობებს უფრო სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ბატონი უილსონის ორპარტიული „მეგობარი აქტი“, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერას დემოკრატიულ რეფორმებს უკავშირებს, შეიძლება, გახდეს საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობის მომავალი პოლიტიკის მოდელი“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის ანგარიშში.