“აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო მედიის რედაქტორებს სანქციები 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის დაუწესა”-Reuters

10
spot_img

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: „აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო მედიის რედაქტორებს სანქციები 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის დაუწესა“ (ავტორები – სარა ლინჩი, ენდრიუ გუდსვორდი და ქრისტოფერ ბინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, რუსული სახელმწიფო მედია RT-ისა და 9 სხვა მედიასაშუალების რედაქტორები დაასანქცირა. მიზეზად, 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა სახელდება.

ამერიკის ხაზინაში ამბობენ, რომ RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ამ მედიასთან ასოცირებული სხვა პირები, სოციალური მედიის ქსელებში გავლენის მქონე პირებს სთხოვდნენ ამერიკის მოსახლეობის შეხედულებები შეეცვალათ და კრემლის სასარგებლო გზავნილები გაევრცელებინათ.

გარდა ამისა, ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ [FBI] სასამართლოსგან ინტერნეტში არსებული 32 დომეინის შეწყვეტის ნებართვა მოითხოვა. ბიუროს თქმით, ამ დომეინზე არსებული მასალა “უცხოეთის მავნე გავლენას” ავრცელებდა, მათ შორის, ცდილობდა შეეცვალა ამერიკელი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსეთ-უკრაინის ომში.

რუსმა დეპუტატმა გავრცელებულ ბრალდებებს “ნამდვილი ნაგავი” უწოდა და თქვა, რომ მოსკოვისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გახდება ამერიკის პრეზიდენტი, თუ – დემოკრატი კამალა ჰარისი.

„ამერიკის არჩევნებში ერთადერთი გამარჯვებული არის ამერიკის კერძო სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი“, – განუცხადა სააგენტო “როიტერს” დუმის დეპუტატმა მარია ბუტინამ.

რუსეთის საელჩოს ამერიკაში ამ დრომდე კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. თუმცა, მსგავსი შემთხვევების დროს, რუსეთი ყოველთვის უარყოფს ამერიკის არჩევნებში ჩარევას.

Russia Today-მ კი დამცინავი პასუხის გაცემა გადაწყვიტა. “სამი რამ არის გარდაუვალი ცხოვრებაში: სიკვდილი, გადასახადები და RT-ის ჩარევა ამერიკის არჩევნებში”. ასე უპასუხა კომენტარის თხოვნას რუსულმა სახელმწიფო მედიამ.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი აქამდეც ამბობდა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საფრთხედ რჩება. აქამდე გაკეთებულ რამდენიმე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთს თავისი პოზიცია ამერიკის არჩევნებისადმი არ შეუცვლია, რაც გარკვეული მინიშნება იყო იმაზე, რომ მოსკოვს ტრამპისადმი მეტი სიმპათია აქვს.

ამერიკის დაზვერვის შეფასებების მიხედვით, მოსკოვი ცდილობდა ტრამპის დახმარებას 2016 წელს, როდესაც მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ იგივეს ცდილობდა რუსეთი 2020 წელსაც, როდესაც ტრამპი დემოკრატ ჯო ბაიდენთან არჩევნებში დამარცხდა. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: