შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს კორუფციაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
დასანქცირების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.
„სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას, მათ შორის, ორბანის კაბინეტის ხელმძღვანელის რანგში, ცნობების მიხედვით, როგანი ხელმძღვანელობდა სქემებს, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების კონტროლის მოპოვებაზე იყო გათვლილი. მინისტრ როგანს ცენტრალური როლი ეკავა უნგრეთში ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე. როგანის საქმიანობა დაუსჯელობის უფრო ფართო კლიმატის სიმბოლოა უნგრეთში, სადაც სახელმწიფოს მთავარი ელემენტები ოლიგარქებმა და არადემოკრატიულმა აქტორებმა ჩაიგდეს ხელში“, – აღნიშნულია მეთიუ მილერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ აშშ-ის ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ უნგრეთის ლიდერებს, პროაქტიულად, ცალსახად და გადამწყვეტად გადაჭრან კორუფციის საკითხი. უფრო გამჭვირვალე უნგრეთი ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსს და უფრო აყვავებულ ევროპას“, – აღნიშნულია განცხადებაში.