[არჩევნების] შედეგების მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით კი, დამკვირვებელი და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების. კრეატიული დაფინანსების გზები, როგორც გამოიყენება აზერბაიჯანში, შეიძლება საჭირო გახდეს, თუ სამოქალაქო საზოგადოების სივრცე დაიხურება, – ვკითხულობთ „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში, სადაც, ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და დაფინანსების გზებზე.
ანგარიშში, რომელიც “მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის და ევროკავშირის შესაბამისმა ორგანიზაციებმა, მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას კანონის შეუსრულებლობაში, მათ შორის, შესაძლო ჯარიმების და დაკისრებული იურიდიული ხარჯების გადახდაში.
„აშშ-ის და ევროკავშირის შესაბამისმა დაწესებულებებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობაში, მათ შორის, შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული მოსაკრებლების ხარჯების ანაზღაურებაში. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, კანონის წინააღმდეგობის შესახებ არ უნდა იყოს შერეული გზავნილები და არ უნდა იყოს კანონის შესრულების მხარდაჭერის მცდელობა(ტრენინგები და ა.შ.)“ – აღნიშნულია ანგარიშში.