აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს

40
spot_img

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, დარტყმები დედაქალაქ სანში, „ჰუსიტების“ წითელი ზღვის პორტ ჰუდაიდაში, დამარსა და საადაში განხორციელდა.

„ჰუსიტების“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ამ აგრესიისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „დარტყმები აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით განხორციელდა“.

როგორც ბაიდენმა განმარტა, ავიაიერიშები იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

„მე არ მოვერიდები, მივმართო შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი აღნიშნა, რომ დარტყმები იყო „აუცილებელი და პროპორციული“.

პარალელურად, საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ვითარებას „დიდი შეშფოთებით“ აკვირდებიან.