აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერის საპასუხოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების სანქცირების კანონპროექტი მიიღო

4
spot_img

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერის საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სანქციებს უწესებს სასამართლოს ოფიციალურ პირებს.

კანონპროექტის მიხედვით, აშშ დააწესებს სანქციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დაცული პირების“ გამოძიებას ან დაკავებას. სანქციები მოიცავს ქონებრივ შეზღუდვებს და ვიზების გაუქმებას.

ამასთან, კანონპროექტი მოითხოვს ისრაელის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული ორდერების „უმკაცრესად დაგმობას“.

სენატი, რომელსაც ახლა რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ამ კანონპროექტს მალე განიხილავს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასულ წელს დაკავების ორდერები გასცა ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და „ჰამასის“ მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენა 2023 წლის 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის დროს და შემდგომ პერიოდში.