ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) დღევანდელ, 18 ივლისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი წაგებული შეიძლება თვითონ ამერიკა აღმოჩნდეს“ (ავტორი – ივან კრასტევი, ბულგარელი პოლიტოლოგი, გაზეთის სარედაქციო საბჭოს წევრი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბოლო მომენტამდე – სანამ შეუმდგარი მკვლელის ტყვიამ დონალდ ტრამპი კინაღამ იმსხვერპლა და მხოლოდ ყური გაუკაწრა, აშშ-ის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ტრაგიკომიკურ დაპირისპირებას ჰგავდა „სისხლის სამართლის დამნაშავესა“ და „მძინარე“ კანდიდატებს შორის. მოხუცი და ძალაგამოლეული ჯო ბაიდენის დებატებმა თავის მეტოქესთან, ასევე მოხუც დონალდ ტრამპთან, გააძლიერა ის დამთრგუნავი გრძნობა, რომ ამერიკული დემოკრატია საფრთხეშია – ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ნოემბერში ამ ორი კანდიდატიდან.
დონალდ ტრამპზე თავდასხმამ კრიზისის შეგრძნება კიდევ უფრო გაამძაფრა. ძალადობის კოშმარულმა შეჭრამ წინასაარჩევნო კამპანიაში სამოქალაქო ომის ნიშნები წარმოქმნა, რაშიც შეიძლება ამერიკული დემოკრატია შთაინთქას.
ადრე ჩვენ, არაამერიკელები, უბრალოდ, ვოცნებობდით ამერიკულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება გვქონოდა. ჩვენ გვახსენდებოდა საკუთარ ქვეყნებში გამართული ე.წ. „დემოკრატიული არჩევნები“, რომელშიც ღრმად მოხუც საბჭოთა ლიდერებს სიკვდილამდე სავარძლებში ჯდომა უწევდათ, გვახსენდებოდა რუსული საარჩევნო სპექტაკლები და ჩინეთის კომპარტიის ყრილობებზე ლიდერების საზეიმო არჩევნები.
მაგალითად, 2008 წელს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი – ამერიკელი თუ არაამერიკელი – მზად იქნებოდა საარჩევნო ურნაში ბიულეტენი ბარაკ ობამას მხარდასაჭერად ჩაეშვა – თითქმის ისეთივე განწყობით, როცა ოდესღაც კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდნენ. 2020 წელს კი ბევრ უცხოელს სურდა არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმისათვის, რომ დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევა არ მომხდარიყო.
მაგრამ მიმდინარე წელს ამერიკული არჩევნების მაგიური ხიბლი საბოლოოდ გაქრა და გაიფანტა. ნოემბრის ხმის მიცემა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანია რამდენიმე თაობის განმავლობაში. თუმცა, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებთ ვესაუბრები, რატომღაც ვეღარ ვგრძნობ, რომ მათ აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი ისევ ჰქონდეთ. მსოფლიოს ექსპერტები სამართლიანად ამბობენ, რომ ამერიკის წინაშე საბედისწერო არჩევანის გაკეთების დრო დგება.
ერთი შეხედვით, შორიდან, ორ კანდიდატს შორის განსხვავება და კონტრასტი ისეთი მკვეთრი არ არის, როგორც ადრე იყო. ხალხი მხოლოდ ორ მოხუცს ხედავს და თანაც არაპოპულარულ პრეზიდენტებს.
ამას წინათ საკმაოდ გახმაურებულ სტატიაში ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ პარალელების გავლება დღევანდელ გერონტოკრატულ ამერიკასა და გვიანდელ საბჭოთა კავშირს შორის არასწორი იქნებოდა, მაგრამ მაინც თავისებურად ნიშანდობლივიაო. იგი მართალია: შედარება ხომ პროგნოზირება არაა, შედარება უფრო ხშირად გაფრთხილებას გულისხმობს.
რა თქმა უნდა, 2024 წლის ვაშინგტონი 1980-იანი წლების მოსკოვი არ არის. აშშ-ის ეკონომიკა კვლავ ძლიერია, US army მრისხანეა, ხოლო მსოფლიოს მრავალი ქვეყნების მცხოვრებლები, სიცოცხლის რისკის საფასურად, კვლავ ცდილობენ ამერიკაში მოხვედრას. მაგრამ უკვე შეიმჩნევა კონსენსუსი – დაშლის პერიოდში მყოფ საბჭოთა კავშირის მსგავსად, ამერიკის საზოგადოებაც კრიზისში იძირება, ამერიკული ძლიერება ეცემა.
კარდინალური ცვლილებები თუ არ მოხდება, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ წაგებულ მხარედ შეუძლება თვითონ აშშ და მისი გლობალური გავლენა აღმოჩნდეს. რაც უფრო მეტი იქნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა კრიზისშია და საფრთხის ქვეშ იმყოფება – პენსილვანიაში მომხდარი ინციდენტი ამ შეგრძნებას მხოლოდ აძლიერებს – მით უფრო მწავედ დაჭირდება ქვეყანას ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არა მხოლოდ მსჯელობს მომავალზე, არამედ თვითონ განასახიერებს ამერიკელი ხალხის მომავალს.
1982 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ კომპარტიის ცეკას გენმდივანი ლეონიდ ბრეჟნევი. როგორც სხვა მისი პოლიტბიუროელი თანამებრძოლები, ლეონიდ ილიჩიც მოხუცი და მიხრწნილი იყო. იგი შეცვალა საბჭოთა „კაგებეს“ ხელმძღვანელმა იური ანდროპოვმა, რომელიც კომუნისტური რეჟიმის განახლებას ცდილობდა – უკიდურეს შემთხვევაში, დისციპლინა მაინც განემტკიცებინა. მაგრამ საბოლოოდ ისიც – ხანდაზმული, ავადმყოფი და დასუსტებული – მალე გარდაიცვალა, თანამდებობაზე მხოლოდ 15 თვე იმყოფებოდა. იური ანდროპოვის მემკვიდრე გახდა 73 წლის კონსტანტინე ჩერნენკო. რისი მიღწევა სურდა მას, დღემდე უცნობია. თავისი კარიერული მწვერვალის მიღწევის შემდეგ ჩერნენკო – ისიც ავადმყოფი და თითქმის უგონოდ მყოფი – იმ ქვეყნად ერთ წელიწადში წავიდა. როცა 1985 წელს საბჭოთა ხელისუფლების საჭესთან პოლიტბიუროს ყველაზე ახალგაზრდა წევრი მიხეილ გორბაჩოვი დადგა, რეჟიმის განახლების იმედი მინიმუმადე იყო შემცირებული და შანსები აღარ რჩებოდა.
იმ დროს მე 20 წლისა ვიყავი. საბჭოთა მოხუცი ლიდერების „დიდებულმა“ დაკრძალვებმა გარკვეული შეხედულება ჩამომიყალიბა კომუნისტურ რეჟიმზე და მის მომავალზე. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი დაღლილობისაგან მოკვდა, უსასრულო რიგებში მდგარი, ბელადებთან გამოთხოვების მიზნით.
უახლოეს თვეებში ამერიკული დემოკრატიის მიმართ, ალბათ, ბევრი შეხედულება ჩამოყალიბდება – ახალგაზრდებში და ხანშიშიშესულ მოქალაქეებში, ამერიკელებში და უცხოელებში. და რადგანაც დემოკრატიის მაგია იმალება მისი თვითგანახლებისა და თვითდარეგულირების უნარში, ამ თვალსაზრისით არც ჯო ბაიდენისა და არც დონალდ ტრამპის გამარჯვება მომავალს არ უზრუნველყოფს. ბაიდენი – იმ მსოფლიოს კეთილშობილ დამცველს ჰგავს, რომელიც უკვე გამქრალია, ტრამპი კი, სამწუხაროდ, შურისძიებასა და სიდიადეს ერთმანეთში ურევს.
ჯო ბაიდენის ბანაკმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისეთი მომენტები, როგორიც დღევანდელია, უდიდეს რისკს წარმოადგენს. მან [პრეზიდენტობა] არ უნდა გარისკოს. თუ ადამიანები დემოკრატიის მიმართ ნდობასა და რწმენას დაკარგავენ, თუ დაინახავენ, რომ დემოკრატია უმძიმეს მომენტში უკან დაიხევს, ის უპირატესობას დაკარგავს არადემოკრატიული რეჟიმების წინაშე.