“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს”-ირაკლი შენგელია

181
spot_img

გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“, – ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი შენგელია აღნიშნავს, აშშ-ის გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

„მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, თვალში საცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც „სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას.

ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს. მეც და ჩემი სხვა კოლეგები (დასანქცირებულების ჩათვლით) ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მართლმსაჯულების განხორციელების ჩათვლით) ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა-შეფასების შედეგად. არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, „რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ „რევიზორთა“ კომისიაზე.

დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითიც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად, ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება“, – წერს ირაკლი შენგელია.