
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭონ.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალში, შესაძლოა, მათ ვიზა გაუუქმდეთ ან აშშ-ში მოგზაურობა ვეღარ შეძლონ. ამ ფორმით უწყებას სურს, დაიცვას ამერიკელი გადასახადების გადამხდელები.
„მიუღებელია, უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს ოფიცრები, აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს არ აკმაყოფილებენ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.