აშშ-ის მოწინააღმდეგე კლუბს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ხელმძღვანელობენ, ახალი წევრი ემატება – უცხოური პრესა

23
spot_img

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „სი-ენ-ენი“ (CNN) ეხმაურება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაწყებულ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი-ქვეყნების მეთაურთა სამიტს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-ის მოწინააღმდეგე კლუბს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ხელმძღვანელობენ, ახალი წევრი ემატება“ (ავტორი – ნექტარ განი).


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


ევრაზიული ქვეყნების კლუბი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ხელმძღვანელობენ და რომელსაც დასავლეთისაგან განსხვავებით, ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის დამყარება აქვს განზრახული, კვლავ გაფართოებას აპირებს, ამჯერად რუსეთის ერთგული მოკავშირის სახით, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი მოსკოვის ომს კიევის წინააღმდეგ.


„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ (SCO-Shanghai Cooperation Organization) ბელარუსის მოსალოდნელი გაწევრიანებით ბლოკი პლანეტის მოსახლეობის 40% მოიცავს და მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით ერთ მეოთხედს, რაც სერიოზულ გეოპოლიტიკურ საპირწონეს წარმოადგენს აშშ-სა მისი მოკავშირეებისათვის. „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების თანამშრომლობის ზრდა ერთ მომენტზე მეტყველებს: ამერიკისა და მისი მოკავშირეებისათვის ევრაზიულ კლუბში ადგილი არ არის.


ბელარუსის მიერთება იმას ნიშნავს, რომ მოსკოვ-პეკინის ჩანაფიქრი წარმატებით ხორციელდება – გადააქციონ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ისეთ რეგიონულ გაერთიანებად, რომელიც რეალური მოწინააღმდეგე იქნება ამერიკისა და მისი მოკავშირეების ხელმძღვანელობით არსებული დასავლური ინსიტუტების მიმართ.


გაფართოებით შანხაის ორგანიზაციას მეტი ამბიციები გაუჩნდება. მას ასევე აუმაღლდება ავტორიტეტი გლობალური სამხრეთის (აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის) ქვეყნებში.


გერმანელი ანალიტიკოსის ევა ზაივერტის თქმით, ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს სურთ, რომ SCO მსოფლიოში აღქმული იყოს როგორც მსხვილი ბლოკი, რომლის იგნორირება უკვე აღარ შეიძლება. რაც უფრო მეტი ქვეყნები შეუეერთდებიან ორგანიზაციას, მით უფრო მომძლავრდებიან ჩინეთი და რუსეთი, მით უფრო მეტი მომხრე ეყოლება მოსკოვისა და პეკინის მსოფლმხედველობას, რომლის მიხედვით ამერიკისათვის ევრაზიაში ადგილი არ არის“.


წყარო